ევროკავშირის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროსტატის მიხედვით, ევროზონაში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა ოქტომბერში 4.1 პროცენტი შეადგინა.
ენერგეტიკა ის მთავარი კომპონენტია, რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს ზრდის. თუმცა ექსპერტ ბერტ კოლინსს მიაჩნია, რომ ეს ევროზონაში ინფლაციის მხოლოდ ერთი მიზეზია.
ექსპერტი ამბობს, რომ ენერგეტიკის საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ინფლაცია ენერგორესურსებზე მაღალი ფასითაც არის განპირობებული. თუმცა ფასები იზრდება სამომხმარებლო პროდუქტებზეც. ბერტ კოლინი აღნიშნავს, რომ გლობალური შეფერხებებია გადამზიდ კომპანიებთან დაკავშირებითაც და ამ სფეროში ფასების ზრდამ მწარმოებლებს კიდევ უფრო გაუზარდა ხარჯი, რომელიც შემდგომ მომხმარებლებზე აისახება.
მზარდი ინფლაციის მიუხედავად, ევროპის ცენტრალურ ბანკში არ ჩქარობენ პანდემიის გამო მიღებული ფინანსური სტიმულირების პაკეტის შეწყვეტას. ასევე არ მოელიან განაკვეთის ზრდას და მიიჩნევენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დარეგულირდება.
ევროპის ცენტრალურ ბანკში უახლოეს მომავალში ელიან ინფლაციის ზრდას, თუმცა ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდება.
სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებს შორის დიდი განსხვავების მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 2,2 პროცენტით გაიზარდა.