საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ფიზიკურად მისი ორგანიზმი დასუსტებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის. მათივე განცხადებით, მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში ეზღუდება ის უფლებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა და პრეტენზია არის საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდეს ზარების განხორციელების უფლება, მას არ აქვს ტელეფონზე საუბრის უფლება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
25 ევროპარლამენტარმა, ლიეტუვის სეიმის წევრებმა, ასევე ლიეტუვისა და უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას იქამდე, ვიდრე მას არ ექნება შესაძლებლობა წარსდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. როგორც ტექსტში წერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებია იმყოფება, რაც გამოწვეულია უკიდურესი პოლარიზაციით და თავისუფალი მედიის კონტროლის სურვილით.
წერილს ხელისუფლებაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების წერილს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, მათი შეფასებით, მთავარია რას იტყვის ხალხი.
„სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და ბრძნულ რჩევებს გვაძლევს. ჩვენ ამ სიაში ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი. კანონის აღსრულებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირობითად რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს საუკეთესო მეგობრებისგან ასეთი გზავნილი ხელისუფლებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს.
„ჩვენ ვიზიარებთ სულისკვეთებას ამ წერილის და მნიშვნელოვანია, რომ ამ წერილს ხელს აწერენ საქართველოს საუკეთესო მეგობრები, ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გასვლას დასავლურ სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა მოეპყროს მსგავს საკითხს საქართველოს საუკეთესო მეგობრებისგან“, – თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ.
ანა ალელიშვილი