ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ გახდა. ამ დრომდე დოკუმენტს ხელს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი აწერდა. ნიკა მელიას განმარტებით, დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი გარკვეული დებულებებია, რის გამოც ამ დრომდე პარტიის წევრები ხელის მოწერისგან თავს იკავებდნენ, თუმცა „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“ პარტიაში თავი ვალდებულად მიიჩნიეს, ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საფრთხეშია. პარტიის წევრების თქმით, სწორედ ამის გამო მოაწერეს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას.
„მანამ, სანამ ისინი ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოს წარმოადგენენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს ზურგი აქციონ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„საქართველოში დამყარებულია კლეპტოკრატიული, ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერენ კრემლი, პუტინი და ლავროვი. ამიტომ ახლა ამ შეთანხმებას, ჩვენს სერიოზულ ბრძოლას აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ ჩამოიცილოს რუსული ხელისუფლება“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს. ის ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა მოაწერა ხელი და მაშინვე დაიწყო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
„მათი მხრიდან არავითარი პროგრესი არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი და დესტრუქცია. ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი არ შეიცვალა მათი მხრიდან და არც შეიცვლება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ალბათ თავის გადარჩენისთვის შემოაწვათ ემოციები. მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა ასი დღის განმავლობაში ითრევდნენ ფეხს. ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ, რომ თავი გადაირჩინონ“, – ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აცხადებს, რომ ამ ხელმოწერით საქართველოში დაგეგმილი რეფორმები აუცილებლად განხორციელდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პროცესსაც.
“მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მათ დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება იმ მნიშვნელოვანი რეფორმების გზამკვლევია, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ეს არის ის რეფორმები, რომელთა შესახებაც საქართველოს ლიდერებმა მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ. ეს რეფორმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს არ დაუწესებია“, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მათ სურთ, ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს.
მარიამ ქუხილავა