კატეგორიები

აშშ 140-ზე მეტი ირანული პოზიციის დაბომბვაზე იუწყება, თეირანმა კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაარტყა

აშშ 140-ზე მეტი ირანული პოზიციის დაბომბვაზე იუწყება, თეირანმა კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაარტყა
გასულმა უქმეებმა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთიერიშების ფონზე ჩაიარა.

ვაშინგტონის სამიზნედ იქცა ისლამური ქვეყნის 140-ზე მეტი სხვადასხვა წერტილი, ძირითადად მის სამხრეთ ნაწილში, ქეშმისა და ბანდარ-აბასის კუნძულებზე, სადაც თეირანის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოინფრასტრუქტურაა განლაგებული.

ადგილობრივმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელმა სამხედროებმა დაარტყეს ქეშმის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულსაც, სადაც, მათივე მტკიცებით, დაიღუპა სატელეკომონუკაციო კომპანიის თანამშრომელი და დაშავდა კიდევ 4 პირი.

ცენტრალური სარდლობის ძალების განცხადებით, დარტყმები განხორციელდა ირანის საჰაერო თავდაცვით სისტემაზე, სანაპირო რადიოლოკაციურ სადგურებზე, მცირე ზომის კატარღებსა და სარაკეტო თუ უპილოტო საფრენი აპარატების კომპლექსებზე, იერიშების მიზანი კი ისლამური ქვეყნის „შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანაა“, რათა მათ აღარ ჰქონდეთ საშუალება, თავს დაესხნენ ჰორმუზის სრუტეში გამავალ საერთაშორისო კომერციულ ხომალდებს.

ირანის სამიზნედ კი კვლავ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები იქცნენ.

12 ივლისს ქუვეითმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ჩრდილოეთით დაზიანდა სასაზღვრო პუნქტები, ასევე სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა.

მოქალაქეებს ბომბსაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლისკენ მოუწოდეს ბაჰრეინში, სადაც საჰაერო განგაშის სირენების ხმა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე რამდენჯერმე ჩაირთო.

პარალელურად, ირანი აცხადებს, რომ იერიშები მიაქვს არა სპარსეთის ყურის რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოზე, არამედ მათ ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა თუ ობიექტებზე, რომლებსაც „ლეგიტიმურ სამიზნეებს“ უწოდებს.

ვითარების მორიგი გამწვავება ჰორმუზის სრუტემ გამოიწვია. 11 ივლისს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ კომერციული ხომალდებისთვის თავისუფალი ნაოსნობა შესაძლებელია, რამდენიმე საათში მოჰყვა „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ ცნობა, რომ სრუტე კვლავ დაკეტილია და კონტროლდება თეირანის მიერ.

ამ ცნობებს არ ეთანხმება ვაშინგტონი და საპირისპირო მოცემულობაზე მიუთითებს, თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარება მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც ორი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობების გარეშე მიმდინარეობს.

გასული კვირის განმავლობაში, როცა სახელმწიფოებს შორის ურთიერთიერიშები განახლდა, თეირანის ყურადღება მეტწილად იყო მიპყრობილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრავალდღიან და მრავალათასიან დაკრძალვის ცერემონიაზე.

საგულისხმოა, რომ მისი ვაჟი და მემკვიდრე მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ამ დრომდე არ გამოჩენილა საჯაროდ, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეთერით, 11 ივლისს გავრცელებულ მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ „დადგება დღე, როდესაც შურს იძიებს მამის მკვლელობისთვის“.

დაკავშირებული ამბები
აშშ 140-ზე მეტი ირანული პოზიციის დაბომბვაზე იუწყება, თეირანმა კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაარტყა ბრიუსელი ისრაელის დასახლებებთან ვაჭრობის აკრძალვას განიხილავს