კატეგორიები

ბაქო ევროსაბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს

ბაქო ევროსაბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს - ორგანიზაციის, რომლის წევრი კონტინენტის 46 სახელმწიფოა.

შუშას მეოთხე გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სამხრეთკავკასიური ქვეყნის ლიდერის თქმით, მოსალოდნელი ნაბიჯის შესახებ საბჭოს ხელმძღვანელობა ინფორმირებულია, რომელიც, როგორც ალიევი ამბობს, ითხოვს, ბაქომ იპოვოს საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, რომელიც აზერბაიჯანს მისცემს საშუალებას, კვლავ იყოს ორგანიზაციის წევრი.

„როდესაც ევროპის საბჭოში მიგვიღეს, მაშინვე ვთქვი, რომ მე ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის პირველი ხელმძღვანელი და სტრასბურგში ჩავედი. ჩვენი დელეგაციისთვის ერთ-ერთი პირველი გზავნილი, რომელიც ხელმძღვანელობისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ადამიანის უფლებები ვერ იქნებოდა ვერც ერთი ქვეყნის შიდა საქმე. ჩვენ კარგი მოსწავლეები ვიყავით და ეს კარგად გავითავისეთ.

ახლა კი, როდესაც „ბაქოს ინიციატივის ჯგუფი“ კოლონიალური უთანასწორობისა და კოლონიალური მმართველობის საკითხებს აყენებს, მას ადანაშაულებენ - და არა მხოლოდ მას, არამედ აზერბაიჯანის მთავრობასაც - საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში.

ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ადამიანის უფლებების საკითხები უნივერსალურია, ხოლო „ბაქოს ინიციატივის ჯგუფი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაძლოა პირველი და ყველაზე ეფექტიანი, რომელმაც ეს საკითხი გლობალური დღის წესრიგის ნაწილად აქცია“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 13 ივლისს.

ილჰამ ალიევის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ აზერბაიჯანულ მხარეს უბიძგებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბაქოსთვის 2024 წლიდან ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დამწუხრებულია ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების გაუარესებით და ამბობს, რომ არ სურს, ამან უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღოს.

ილჰამ ალიევი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში ევროკავშირის ლიდერების ვიზიტებსაც და თქვა, რომ ბაქოსა და ბრიუსელს შორის უმაღლეს დონეზე კავშირების შენარჩუნება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე ევროგაერთიანებისთვის.

დაკავშირებული ამბები
ბაქო ევროსაბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას განიხილავს „უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს