უკრაინის პრეზიდენტისთვის შტატების ლიდერის მიერ ანკარას ნატოს სამიტის ფარგლებში გაცემული დაპირება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია.
კიევი ვაშინგტონის ამ განაცხადით კმაყოფილია და, როგორც ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, გაცილებით უკეთეს მოცემულობაში აყენებს ომში მყოფ ქვეყანას, რადგან შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით, პარტნიორებისგან დაჟინებული თხოვნის ნაცვლად, უკრაინა თავად შეძლებს თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას.
Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის ლიცენზიის გადაცემა, შესაძლოა, კიევისთვის საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური გარღვევა გახდეს, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც და ექსპერტებიც ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ - ყველაფერი, მათ შორის წარმოების რაოდენობა დამოკიდებულია შეთანხმების პირობებზე, რომლებიც ჯერ უცნობია - მაგალითად, უკრაინას ექნება საშუალება მხოლოდ ცალკეული კომპონენტები აწარმოოს თუ მთლიანი სისტემა, მისი დახვეწის პერსპექტივით.
„ჩვენ ვისწავლეთ სამხედრო წარმოების ორგანიზება საბრძოლო მოქმედებების პირობებში. ვისწავლეთ მისი დამალვა, დანაწილება, დეცენტრალიზაცია, დუბლირება, შენიღბვა და სხვა მსგავსი ზომების მიღება. ამიტომ, რა თქმა უნდა, საჭიროა კარგად განვსაზღვროთ, როგორ უნდა ავაწყოთ ეს წარმოება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მთავარი დაბრკოლებას მისი დაწყებისთვის.
ფაქტობრივად, ლიცენზიის მიღებით ჩვენ იმ დახურული წრის წევრები ვხდებით, რომელსაც ასეთი ტიპის რაკეტების წარმოების უფლება აქვს.
ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში, როდესაც ომი დასრულდება და ასეთ რაკეტებით ჩვენს საწყობებს შევავსებთ, მათი წარმოება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, და შესაძლოა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც შევძლებთ. ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე და გლობალურ დონეზე ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც საგრძნობლად გაზრდის“, - განაცხადა უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იჰორ ჩერნევმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან ანკარაში შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ლიცენზირებული წარმოების იდეა თავიდან ააცილებს კრიტიკას, რომ ვაშინგტონი უკრაინას საკმარისად მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებით არ ამარაგებს.
საგულისხმოა ისიც, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის შედეგად ამჟამად, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების გლობალური მარაგის თითქმის მესამედი ამოწურულია.
