მთავარისაქართველოშეთანხმება 100 დღით

შეთანხმება 100 დღით

„შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი თავი ამოწურა“ - ირაკლი კობახიძე

19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი თავი ამოწურა. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გააკეთა. შეთანხმების გაუქმების მიზეზად ის იმ ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარს ასახელებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  მმართველი გუნდი გააგრძელებს იმ პუნქტების შესრულებას, რომლებზეც 100 დღის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით შეთანხმდმენ. თუმცა პარტიის ლიდერი არ აკონკრეტებს, დაინიშნება თუ არა საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ გადალახავს.

კმაყოფილება მხოლოდ 100 დღეს გაგრძელდა. რამდენიმე შუამავლის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გაუქმებულად გამოაცხადეს. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტის ერთგული მხოლოდ მმართველი პარტია იყო. ახლა კი სწორედ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, შესრულდება თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43-პროცენტიან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

სამომავლო გზა საქართველოსთვის – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც გარდა ვადამდელი არჩევნების გამართვის პირობისა, კიდევ 4 პუნქტს მოიცავს – პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება, ამბიციური საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების რეფორმა. თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერიდან მალევე, უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე თანამდებობებზე უვადოდ გამწესდა.

იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი დაესრულებინათ, საპარლამენტო საქმიანობა დაეწყოთ და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული ყოფილიყო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ასევე თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ახლა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის გაუქმებით, ქართულმა ოცნებამ ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციაზე თქვა უარი.

„ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ე.წ. გადაგდებების სერია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. ჩვენ ამ ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ქვეყანა განვითარდეს ევროპული ვექტორის მიმართულებით და დაიწყოს ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლით, მათ აირჩიეს რუსეთის გზა“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.

„პირადად მინდა მივმართო ამერიკის ელჩს და ევროკავშირის ელჩს – როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი თაღლითობა, მაგრამ სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ ჩვენ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი, ამიტომ დადგა დრო, გამოყენებული იქნა კონკრეტული აღსრულების მექანიზმები ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტის, და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩართული. ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეთანხმების დოკუმენტის გაუქმების შესახებ ჯერ არც სალომე ზურაბიშვილს შეუფასებია და არც საერთაშორისო პარტნიორებს. თუმცა რამდენიმე თვის წინ, „ევრონიუს ჯორჯიას“ შეკითხვაზე, რა მოხდება თუკი პოლიტიკოსები ამ შეთანხმებას არ შეასრულებენ, სალომე ზურაბიშვილის პასუხი ასეთი იყო – „უნდა შეასრულონ“.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend