„ვეშაპების საიდუმლო“ „ნეშენალ ჯეოგრაფიკის“ მიერ გადაღებული ახალი ოთხსერიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის პრემიერა „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით “სტრიმინგ” პლატფორმა „დისნეი პლიუსზე“ გაიმართა.
„ვეშაპების საიდუმლოს“ გადაღება მსოფლიოს 24 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. მისი აღმასრულებელი პროდიუსერი ოსკაროსანი რეჟისორი ჯეიმს კამერონია.
„ამ სერიებში ჩანს, რომ ვეშაპები ძალიან ჰგვანან ადამიანებს. მათ ნამდვილი პიროვნული თვისებები გააჩნიათ. მათ ჰყავთ მეგობრები, ოჯახი. მათ აქვთ თავიანთი ენა, მუსიკა, შეუძლიათ სიყვარული და გლოვა. ვეშაპები ჩვენ ძალიან გვგვანან“, -ამბობს ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეიმს კამერონი.
ფილმი ვეშაპის სხვადასხვა სახეობაზე მოგვითხრობს. აქ თქვენ ნახავთ ცელნამგალა ვეშაპს, კუზა ვეშაპს, თეთრ ვეშაპს, მარტოკბილასა და კაშალოტს.
„გადაღებები სამი წლის განმავლობაში დედამიწის 24 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. ჩვენ ვიყავით ყველგან, დაწყებული ეკვატორიდან დამთავრებული ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებით. იმისათვის, რომ ვეშაპები კარგად გადაიღო, ბევრი რამე უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. მზე უნდა ანათებდეს, ხოლო წყალი გამჭვირვალე იყოს. სასურველია, რომ ვეშაპები რამე საინტერესოს აკეთებდნენ. 2018 წელს დომინიკაში სამი კვირის განმავლობაში ერთი ვეშაპიც ვერ ვიპოვეთ. თუმცა საბოლოოდ ძალიან კარგი კადრები გადავიღეთ“, – ყვება ფილმის ოპერატორი ბრაიან სკერი.
„ვეშაპების საიდუმლოს“ თითო სერია დაახლოებით 45 წუთი გრძელდება.
წყალქვეშა კადრები მაღალტექნოლოგიური ვიდეოკამერებით არის გადაღებული.
ფილმში პირველადაა ნაჩვენები, თუ როგორ აწოვებს კაშალოტი თავის შვილს ძუძუს.
„ვეშაპების საიდუმლოს“ ნახვა 22 აპრილიდან არის შესაძლებელი.