მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის ლიდერებს შორის ვაქცინის ექსპორტის გამო შექმნილი დაძაბულობა განიმუხტა

ევროკავშირის ლიდერებს შორის ვაქცინის ექსპორტის გამო შექმნილი დაძაბულობა განიმუხტა

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა შემსუბუქდა. ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო საერთო პრობლემის წინაშე დგას და მასთან გასამკლავებლად აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა.

„ჩვენ ყველანი საერთო პანდემიას ვებრძვით“, – განაცხადეს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში. ეს ნამდვილად შემრიგებლური ტონია კორონავირუსის ვაქცინის მარაგებსა და მის განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი რამდენიმეკვირიანი დაძაბულობის შემდეგ.  ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში ორივე მხარე გამჭვირვალობასა და გლობალურ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც  მნიშვნელოვანია საერთო პრობლემის მოსაგვარებლად. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მუშაობენ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, რათა ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს ვაქცინა ხელმისაწვდომი.

 

თუმცა ცოტა ხნით ადრე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიხედვით, უნდა შეფასდეს, სად იგზავნება ვაქცინა და როგორი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია. ისინი ვაქცინების ექსპორტის საკითხის განხილვასაც აპირებენ.  დიდ ბრიტანეთში კი მიიჩნევენ, რომ ამ მკაცრი კონტროლის სამიზნე სწორედ გაერთიანებული სამეფოა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესება არ არის გონივრული ნაბიჯი. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად ბლოკირება და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება კომპანიებს აიძულებს, შეცვალონ საინვესტიციო პოლიტიკა იმ ქვეყნებში, რომლებშიც ასეთი შეზღუდვები წესდება.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირში სურთ, რომ 27-ვე წევრ ქვეყანას უფრო მეტი ვაქცინა მიეწოდოს, რათა უფრო სწრაფად განვითარდეს ვაქცინაციის პროგრამები. ევროპის ლიდერები 25 მარტს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ აღნიშნული საკითხების განსახილველად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend