მთავარისაქართველობერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ ფილმს წარადგენენ

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ ფილმს წარადგენენ

ალექსანდრე კობერიძის ფილმი  „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის ამბავს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა ბედისწერა მათ მალევე დააშორებს.  ფილმი წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, მთავარ კონკურსშია წარმოდგენილი.

ქართველი რეჟისორის ეს ფილმი საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. ბერლინალეზე ასევე წარდგენილი იქნება სალომე ჯაშის  დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“, რომელსაც ფორუმის სექციაში აჩვენებენ. ფორუმის სექცია ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამაა, რომლისთვისაც დამოუკიდებელი ჟიური 40-მდე ფილმს არჩევს.

„ქართული ფილმის ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე წასვლა სხვა ქართველი რეჟისორების მხარდაჭერასაც გულისხმობს. ამ ფესტივალით მათ საზოგადოება უკეთესად გაიცნობს. ამ ადამიანების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ სათქმელი და გამორჩეული და ინდივიდუალური ხელწერა აქვთ“, – ამბობს „საქდოკ ფილმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ძიაპშიპა.

 

ბერლინალეს მთავარ კონკურსზე ქართული ფილმი ბოლოს დაახლოებით 30 წლის წინ იყო წარდგენილი.  1993 წელს „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის ფილმს – „უძინართა მზეს“ გადაეცა.

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ვირტუალურად გაიმართება.

„ფესტივალი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. პირველი ნაწილი მარტში ვირტუალურად გაიმართება, ხოლო ივნისში ფესტივალი ფართო აუდიტორიისთვის ჩატარდება, აქ შემოქმედებითი ჯგუფის ადგილზე ჩასვლაც იქნება შესაძლებელი“, – ამბობს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე.

ბერლინის კინოფესტივალში მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული კინოს ეს წარმატება კულტურისა და კინოს დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს ანა ძიაპშიპა.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend