მთავარიამბებიევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან...

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს საქართველოს ოკუპრიებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპრიებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის აღიარება და უზრუნველყოს საქართველოს ოკუპრიებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება.

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დააკამყოფლა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმეში.

22 იანვარს ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის  სასამართლომ (ECHR) ისტორიული განაჩენი გამოიტანა სახელმწიფოთაშორისო საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში.

მარინა კალიურანდი თვლის, რომ ამ განაჩენმა გამოაშკარავა  ორი საკითხი: ერთი ის, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს; და მეორე –  ომის დროს და შემდეგ, რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით დაარღვია ადამიანთა უფლებები და არ გამოიძია დანაშაულის მიზეზები.

„ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ საკითხს. პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა  სასამართლომ (ECHR) აღიარა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან.

მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ომის დროს და ომის შემდეგ, მრავალჯერ  უხეშად დაარღვია  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ოკუპირებულ რეგიონებში, არ გამოიძია ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების შემთხვევები, ასევე უარი თქვა ეთნიკურ ქართველების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნებაზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

მარინა კალიურანდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში და უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება.

„როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც დასრულდა ომი“, – ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend