მთავარისაქართველოქართული პოლიტიკური სპექტრი და რუსული დეზინფორმაცია

ქართული პოლიტიკური სპექტრი და რუსული დეზინფორმაცია

კრემლი მხოლოდ სამხედრო შეიარაღებით არ ებრძვის მოწინააღმდეგეებს. ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საინფორმაციო ომი სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ევროპის ქვეყნებიც ებრძვიან რუსულ პროპაგანდას, რადგან მოსკოვი მუდამ ცდილობს, გავლენა იქონიოს საზოგადოების განწყობაზე. პუტინის მიზანია, მისთვის სასურველი ფსიქოლოგიური გარემო შექმნას იმ ქვეყნებში, სადაც მის პოლიტიკას არ ემხრობიან… გამონაკლისი არც საქართველოა. ექსპერტთა აზრით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო მოსკოვის მტრული განწყობის შემცველი გზავნილების სამიზნეა.

„რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერდება წინასაარჩევნო პერიოდში, ამ დროს პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, პოლიტიკური პარტიები უფრო მოწყვლადები არიან. ამოცანები, რომლებიც ამ პროპაგანდას აქვს, არის საზოგადოებისთვის დამანგრეველი“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გოგუაძე.

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. ეს კვლევა ეხებოდა, თუ რამდენად მედეგია საქართველოს პოლიტიკური სისტემა მტრული საინფორმაციო გზავნილების მიმართ. კვლევაში გაანალიზებულია, როგორ აღიქვამენ  სახელმწიფო მმართველობითი რგოლი და ძირითადი პოლიტიკური პარტიები მტრულად განწყობილი ქვეყნის რიტორიკის საფრთხეს. ავტორთა განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ დეზინფორმაციას… როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც მსგავსი გზავნილების ასარიდებლად არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

„პოლიტიკური სისტემა და ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მეტად მოწყვლადები არიან რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ. ეს არის უკვე მოცემულობა. ეს დადგინდა ამ კვლევის მიხედვით. კვლევამ ძალიან საინტერესო რამ აჩვენა, ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ რუსული პროპაგანდა რეალურ საფრთხედ იყოს აღიარებული“, – განაცხადა კვლევის ავტორმა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა.

ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფოს მმართველობითი რგოლი არ ეწინააღმდეგება იმ მტრული განწყობის შემცველი გზავნილების გავრცელებას, რომლებსაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემების წარმოქმნა შეუძლიათ.

„იმის მაგივრად რომ სახელმწიფო და მისი შტოები… ხელისუფლება  იყოს დღეს ის მთავარი ინსტრუმენტი, რომ ებრძოლოს ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას თუ საინფორმაციო ნარატივებს, თვითონ არის ერთ-ერთი მთავარი წყარო მსგავსი ნარატივების გავრცელების, რომლებიც პირდაპირ იმეორებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს“, – ამბობს „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე.

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება, მნიშვნელოვანია დამაზიანებელი გზავნილების იდენტიფიცირება. ექსპერტთა აზრით, არაკეთილგანწყობილი ქვეყანა ყველანაირად ეცდება, საზოგადოებრივი აზრი თავის  სასარგებლოდ ჩამოაყალიბოს და უსაფრთხოების კუთხით პრობლემები შექმნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend