მთავარისაქართველოეუთო/ოდირი არჩევნების თაობაზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირი არჩევნების თაობაზე საბოლოო დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ აქვეყნებს საბოლოო სადამკვირვებლო ანგარიშს, რომელშიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საუბრობს, როგორც თავდაპირველ მიგნებებზე, ასევე მონაცემების დეტალურად დამუშავების შედეგად აღმოჩენილ ხარვეზებზე.

ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რასაც იწვევდა საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები. ასევე შეშფოთების საგანია საქართველოში ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლამ მოქალაქეთა ნაწილი აიძულა, ხმა დაშინების ფონზე მიეცა. არჩევნების დღის შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ოდირმა დაადგინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც ზღუდავდა საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტის გზებს.

საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა მოხვდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ფაქტები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას მშვიდობიანი დემონსტრაციებისას შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კუთხით.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და დაარღვია პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა“, – ამბობს ეოგან მერფი, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

„საქართველოში ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფი დემოკრატიული პრინციპების დასაცავად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა პრობლემა სასწრაფოდ მოაგვაროს“, – წერია დოკუმენტში.

საბოლოო ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო საფუძველს იძლეოდა ჩატარებულიყო დემოკრატიული არჩევნები, თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯი იყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეს ცვლილებები აჩენს შესაძლებლობას საკანონმდებლო ნორმების პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის. ოდირის რეკომენდაციაა, რომ საქართველოში გადაიხედოს პრობლემური საკანონმდებლო ცვლილებები.

ანგარიშში ასევე საუბარია პოლარიზებული და ინსტრუმენტიზებული მედიის თაობაზე, კამპანიის დაფინანსების შეზღუდული ზედამხედველობის უარყოფით გავლენაზე. თუმცა დოკუმენტში წერია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, ძირითადად, შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია. ასევე საუბარია, 18-ვე მონაწილე სუბიექტისთვის გარკვეული შეზღუდვების შესახებ.

„მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ბევრმა პრივილეგიამ, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ კონკურენციას“, – წერია განცხადებაში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პროცედურები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა „არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულმა ხშირმა დარღვევამ, რამდენიმე პროცედურულმა შეუსაბამობამ და ზეწოლისა და დაშინების შესახებ შეტყობინებებმა უარყოფითად იმოქმედა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე”.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საჩივრები, როგორც არჩევნების დღემდე, ისე მის შემდეგ, ხშირად არ განიხილებოდა სრულყოფილად და ხშირად ხარვეზდებოდა ტექნიკური მიზეზებით.

ოდირი გასცემს რეკომენდაციას, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობა. განცხადებაში ასევე საუბარია საპროტესტო აქციებზე, რომლებიც არჩევნებს მოჰყვა.

„მასშტაბური საპროტესტო აქციები არაერთხელ დაშალეს ძალადობრივად. ამას მოჰყვა დემონსტრანტების დაპატიმრება. იყო ცნობები მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც გარანტირებულია შეკრების თავისუფლებისა და წამებისგან დაცვის შესახებ”, – წერია განცხადებაში.

ჟურნალისტ გურამ როგავას საპროტესტო აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელი დაესხა თავს Copyright AP Photo/Pavel Bednyakov

დოკუმენტში წერია, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეუთო/ოდირი არ აღიარებს, ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპებისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე.

ეუთო/ოდირი მზადაა, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს დაეხმაროს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად გამოიტანონ დასკვნები არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ასევე მზადაა, დაეხმაროს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში.

ანგარიში მოიცავს არაერთ რეკომენდაციას არჩევნების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს მოითხოვს ცვლილებებს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე, საზოგადოებრივი ნდობისა და ამომრჩევლების შესაძლებლობის მხრივ, ასევე საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და სამართლიანობას საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend