2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებისას, მან დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირის დასკვნა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ანგარიშის საერთო შინაარსიდან ირკვევა, რომ „არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული“.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ „პროცედურულად საარჩევნო დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი და ამომრჩევლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების ფართოდ გავრცელებული დაშინებით“.