ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს, პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაადასტურა ალენ ბერსეს ნათქვამი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გადახედვასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში თუ მოხდება დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირღვევა ადამიანთა უფლებები ამ კანონში, ისინი მზად იქნებიან ცვლილებებისთვის.
„ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის. რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი, ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლის პრინციპებს, სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გადასინჯვისთვის. შესაბამისად, პრაქტიკულად ვიმეორებთ იმას, რასაც ამბობს ბატონი ალენ ბერსე “, – განაცხადა პრემიერმა.
Had a productive meeting with H.E. Alain Berset @alain_berset , Secretary General of the Council of Europe. We discussed 🇬🇪’s ongoing processes, reforms, and the European integration path, highlighting the crucial role of the Council of Europe in supporting these efforts. I… pic.twitter.com/b0swv1S4SC
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) December 18, 2024
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. მისი თქმით, ეს მანამდეც იყო გადაწყვეტილი, თუმცა აშშ-ის მიერ მის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა პროცესი დააჩქარა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ შსს-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრი გომელაური, ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან.
„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა მოვლენებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე.
ჩვენ გადავწყვიტეთ ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შსს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. 11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელს ღირსების ორდენზე წარვადგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება განუმარტა.
„ძალადობრივი აქტების გამო, ძირითადად, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები გათავისუფლდებიან”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.