ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესების განხილვის გარდა, განსაკუთრებით მთავრობის წარმომადგენლებთან, გამოხატა შეშფოთება იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს.
ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან მიიღო პირობა, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც გამოავლენს სადავო კანონებში არსებულ შეუთავსებლობებს ევროპულ ღირებულებებთან, რასაც შემდგომ მთავრობა შეცვლის.
საქმე ეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონს.
„დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო სამ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, ფუნდამენტური თავისუფლება, მეორე 1 დემოკრატია და მესამე, ბოლო დღეს მიღებული კანონები.
უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რიგი განგაშის სიგნალებისა იყო გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომლებიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ დაცვის საჭიროება, რომლის საფრთხეც ძალიან მომეტებულია. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისგების დაკისრება და ამასთან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით.
მინდა შემდეგი თემა გავაჟღერო და ეს არის დემოკრატია. პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელო შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმებით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს არის საქართველოს მოსახლეობის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრული დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა უმცირესობა, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.
ბოლო საკითხი ეხება ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას. მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეუცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“,- განაცხადა ალენ ბერსემ.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს დელეგაცია, საქართველოში ჩამოსული არ არის მთავრობისთვის ლეგიტიმაციის გამოცხადების ან არ გამოცხადების საკითხის გადაწყვეტად.
„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება.
გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი. გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსია მქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“,- განაცხადა ალენ ბერსემ.
ევროპის საბჭოს უმაღლესი დელეგაცია საქართველოში სამი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ალეკო გვეტაძე