ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოუზმა გააკრიტიკა უნგრეთის გეგმა, რომელიც უნგრეთ-სერბეთის საზღვრიდან ბელგიის დედაქალაქში არალეგალური მიგრანტების ავტობუსით გადაყვანას ითვალისწინებს. მან განაცხადა, რომ ბელგიის ხელისუფლება მზადაა ავტობუსების შესაჩერებლად.
„მე ველაპარაკე ბელგიის პრემიერ-მინისტრს (ალექსანდერ დე კროს). ჩვენ შევაჩერებთ ამ ავტობუსებს, თუ ისინი ოდესმე დაიძვრებიან”, – განაცხადა კლოუზმა ევრონიუსთან ინტერვიუში.
მან ასევე დასძინა, რომ უნგრეთის გეგმა მიგრანტებისთვის ბრიუსელამდე „ცალმხრივი ბილეთების” შეთავაზება სხვა არაფერია, თუ არა უშინაარსო მუქარა.
„ეს ავტობუსები აქ არ ჩამოვლენ. მეტიც, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს ავტობუსები საერთოდ ვერ დატოვებენ ბუდაპეშტს. აქ ჩამოსვლამდე მათ ხომ უნდა გაიარონ სხვა ევროპის ქვეყნები. მე ვესაუბრე ჩემს გერმანელ კოლეგებს და ბელგიის პრემიერ-მინისტრს. ჩვენ უბრალოდ გავაჩერებთ ამ ავტობუსებს. ეს პროვოკაციაა. პოლიტიკა ასე არ კეთდება“, – აცხადებს ბრიუსელის მერი.
მიგრანტების უკან გაბრუნების პირობას დებს ასევე ბელგიის მიგრაციის სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური.
ევროკომისიამაც დაგმო შემუშავებული გეგმა და ის ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა. მისი თქმით, ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვება. „ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, რათა აღსრულდეს ევროკავშირის კანონი“, – განაცხადა სამშაბათს კომისიის სპიკერმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება დაკავშირებულია უნგრეთის მთავრობასა და მეზობელ ქვეყნებთან, რომლებშიც შესაძლოა ამ კოლონებმა გაიარონ.
ეს უთანხმოება, რომელიც ბელგიის მთავრობამ უარყოფითად შეაფასა, ვიქტორ ორბანის მთავრობასა და ბრიუსელში დაფუძნებულ ევროპულ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს აფერხებს.
ევროკავშირის აზრით, ბუდაპეშტის წინადადება, რომელიც პირველად აგვისტოში გაკეთდა, ერთგვარი შურისძიებაა ევროპული სასამართლოს (ECJ) მიერ უნგრეთისთვის 200 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრებისთვის. ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში მიიღეს და ამით უნგრეთმა შეზღუდა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები.
სასამართლომ ასევე დააკისრა უნგრეთს, გადაეხადა დამატებით 1 მილიონი ევრო დღეში, სანამ ის თავშესაფრის პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვანდა.
უნგრეთი ამ დრომდე უარს ამბობდა ამ ჯარიმის გადახდაზე, რომელიც შეიძლება გამოიქვითოს ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი სახსრებიდან.
ორბანი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, მას აღმაშფოთებელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ბრიუსელი „არალეგალურ მიგრანტებს” ანიჭებს უპირატესობას და არა ევროპის მოქალაქეებს.
უნგრეთი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
სამშაბათს გერგელი გულიაშმა, პრემიერ-მინისტრის ორბანის მთავრობის მინისტრმა, ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებს, ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისცენ უფასო, ცალმხრივი ბილეთი ბრიუსელისკენ.
ეს კი ეწინააღმდეგება უნგრელი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლებიც არალეგალური მიგრანტების ბრიუსელში ავტობუსებით გადაყვანას უკავშირდება. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ევრონიუსმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
უნგრეთის სახელმწიფო მდივანი ბენს რეტვარი კი ევროკავშირს უნგრეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის დაჯარიმებისთვის ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.