მთავარისაქართველოეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაიწყო

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო. სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ექსპერტები, ისე გრძელვადიანი დამკვირვებლები და ისინი დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა მედიასთან განმარტეს, მათ სადამკვირვებლო მისიას 26 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე 350 გრძელვადიანი დამკვირვებელი დაემატებათ.

დამკვირვებლები შეაფასებენ წინასაარჩევნო კამპანიებსა და გარემოს, მათ შორის, ონლაინ სივრცეში საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხს, ასევე მედიაგარემოს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ დღეს, 12 სექტემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო მისია საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია და ისინი გეგმავენ შეხვედრებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ოუენ მერფის დღეს არ უპასუხია მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე – როგორია წინასაარჩევნო გარემო, ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საარჩევნო პროცესზე მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიღებულ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონს. ამ კითხვაზე მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ოდირმა უკვე გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა ამ კანონის შესახებ, თუმცა სადამკვირვებლო მისია დამოუკიდებლად აფასებს საარჩევნო კამპანიას.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ის უნდა გაუქმდეს“, – წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ გამოქვეყნდა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს ხმის მიცემის დღის შემდეგ წარადგენს, საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები კი, როგორც წესი, რამდენიმე თვეში ქვეყნდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend