პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებას. ამავე კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
მეორე მოსმენის დროს წარდგენილი იყო რედაქციული შესწორებები და ტერმინოლოგიური დაზუსტებები.
კანონპროექტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში ბოლო საშემოდგომო სესია ხვალიდან, 3 სექტემბრიდან, დაიწყება. დღეს, 2 სექტემბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებსა და საზოგადოებას გააცნო ის საკითხები, რომლებიც პარლამენტმა თვის ბოლომდე უნდა განიხილოს. მათ შორისაა, „ამნისტიის პროექტის“, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცება.