მთავარიევროპაუკრაინაკიევი კურსკში 100 რუსულ დასახლებას აკონტროლებს

კიევი კურსკში 100 რუსულ დასახლებას აკონტროლებს

უკრაინელი მეხანძრე მაშველები ამ დრომდე რუსული რაკეტებისგან დანგრეულ სახლებში მოქალაქეთა დახმარებას ცდილობენ.  თუმცა კრემლი არ ჩერდება და შტურმი გრძელდება.

ბოლო 24 საათში კრემლმა 129 სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ძირითადად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კრემლის ერთ-ერთ მიზანს უკრაინის ენერგოობიექტები წარმოადგენდა და ასევე უკრაინის არმიის იერიშების ტემპის შემცირება კურსკში.

თუმცა რუს ჯარისკაცებს კვლავ უკანდახევა უწევთ ამ ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ რუსეთმა კურსკის მიმართულებაზე 30 ათასი ჯარისკაცი გადაგზავნა, და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა, კიევის მიერ დაკავებული ტერიტორიაც ფართოვდება.

„ვაგრძელებთ წინსვლას კურსკის მიმართულებით და მნიშვნელოვან ზარალს ვაყენებთ რუსეთის ჯარებს. დღეისთვის კონტროლს ვამყარებთ 1294 კვადრატულ კილომეტრზე და მასზე არსებულ 100 დასახლებულ პუნქტზე. ასევე კურსში ტყვედ ავიყვანეთ 594 რუსი ჯარისკაცი“,  აცხადებს გენერალი სირსკი.

ოფიციალური კიევის მტკიცებით, რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ძირითადად მოსაზღვრე ოლქებიდან მოქმედებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო იერიშები განხორციელდა ბელგოროდის და კურსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან და შავი ზღვიდან.

კიევი პარტნიორებისგან კვლავ მოითხოვს ნებართვას – გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე.

„ყოველი ასეთი დარტყმა ყველას გვახსენებს ისევ და ისევ შორი დარტყმის აუცილებლობას – ჩვენს თავდაცვის ძალებისთვის საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიცემის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია, გაანადგუროს ტერორისტები ზუსტად იქ, საიდანაც ისინი გვესვრიან. ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, როგორც ამ საჰაერო იერიშის მოგერიების დეტალებზე – ასევე რუსეთისთვის პასუხის გაცემის საკითხებზე.  ვემზადებით იმისთვის, რომ გამოვიყენოთ F16-ები კურსკში, სადაც კვლავ ვაგრძელებთ გარკვეულ რაიონებში სამხედრო მოქმედებებს – ისე, როგორც ეს უკრაინას ჭირდება. კვლავ ვზრდით დაკავებული ტერიტორიის ფართობს”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები აპირებენ, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურს წარუდგინონ იმ რუსული სამიზნეების სია, რომელიც რუსეთის სიღრმეში მდებარეობს. კიევში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის თანხმობის შემთხვევაში, ამ სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. „პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ ესაა ბოლო მცდელობა კიევის – დაარწმუნოს ვაშინგტონი გაუუქმოს უკრაინას შეზღუდვები იარაღის გამოყენებაზე.

თეთრ სახლში ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ოლქზეც მიიტანეს სახმელეთო იერიში. ფაქტს რუსეთის ამ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს. მისი თქმით, უკრაინელებმა სამ დასახლებულ პუნქტს შეუტიეს და გამოიყენეს თვითმკვლელი დრონებიც. თუმცა სხვა დეტალებზე ბელგოროდის გუბერნატორი არ საუბრობს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ფრონტზე ერთ დღეში 170 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება მოხდა. ძალიან აქტიურია დონეცკის ოლქში ფრონტის ცენტრალური მიმართულება. აქ დასახლება პოკროვსისთან უკრაინელმა სამხედროებმა 60 რუსული იერიში მოიგერიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend