ლონდონის ზოოპარკის ბინადარი ბოკვერები მარტში დაიბადნენ და ახლახან ზოოპარკის ყოველწლიურ აწონაში მონაწილეობა პირველად მიიღეს.
ზოოპარკის ადმინისტრაციამ ბოკვერებთან ერთად პინგვინის წიწილები და ასობით სახეობის 10 000-ზე მეტი ცხოველი აწონა.
ლონდონის ზოოპარკი 400 სახეობის ფიზიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ სტატისტიკას ყოველწლიურად აწარმოებს. ეს მონაცემები გლობალური ბაზის ნაწილია და მათი გამოყენებას მთელი მსოფლიოს ზოოპარკებსა და არა მხოლოდ ზოოპარკებს შეუძლიათ.
„ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ზოოლოგიური ინფორმაციის მართვის სისტემის ბაზაში აისახება. ამ ბაზიდან ინფორმაციაზე წვდომა მთელი მსოფლიოს ზოოპარკებს აქვთ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია გარემოს დამცველებისთვისაც. მათ ამ მონაცემების გამოყენება როგორც საკუთარ ცხოველებზე დაკვირვებისთვისა და შედარებისთვის, ისე სამუშაო პროცესში შეუძლიათ“, – ამბობს ანგელა რაიანი, ლონდონის ზოოპარკის ზოოლოგიური ოპერაციების ხელმძღვანელი.
ჰუმბოლდტის პინგვინის წიწილები სასწორამდე თევზით სავსე სათლის დახმარებით მიჰყავთ. ზოოპარკში ამბობენ, რომ სატყუარის გარეშე მათი სასწორზე აყვანა თითქმის შეუძლებელია. აზიური ლომის ბოკვერებს კი, სასწორზე სურნელოვანი დაფით იტყუებენ.
„ცხოველების აწონა საკმაოდ რთულია. წარმოიდგინეთ, უნდა ავწონოთ 60 ჰუმბოლდტის პინგვინი. საბედნიეროდ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თევზი ჩაიგდონ ხელში. ამიტომ, მათ სასწორზე ასაყვანად თევზებს ვიყენებთ. მაგალითად, საიმირებს აწონა ძალიან უყვართ. მათ უნდათ, რომ ერთდროულად აიწონონ და ყველანი სასწორზე ხტებიან. მათი ცალ-ცალკე აწონა საკმაოდ რთული საქმეა“, – აღნიშნავს ანგელა რაიანი.