მთავარიამერიკააშშბენქსის მუზეუმი

ბენქსის მუზეუმი

ამ კედლებზე 21-ე საუკუნის იდუმალი ინგლისელი გრაფიტის მხატვრის ბენქსის შემოქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ ვინ არის ის, ვიცით, თუ სად ვიპოვოთ იგი.

ნიუ-იორკში ბენქსის მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც 160-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მუზეუმის დამფუძნებლებმა დაიქირავეს რამდენიმე ანონიმური ქუჩის მხატვარი, რათა ხელახლა შეექმნათ ბენქსის ნამუშევრები. ასე სურთ აღადგინონ იდუმალი მხატვრის ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც ან მოიპარეს გასაყიდად, ან კი კედლებიდან წაშალეს.

„ყველამ იცის ბენქსის შესახებ, თუმცა მისი სახე არავის უნახავს. ბენქსის მუზეუმის შექმნის იდეა დაახლოებით 6 წლის წინ გაჩნდა და მე, როგორც მისმა თაყვანისმცემელმა და კოლექციონერმა ვთქვი, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა რაიმე განსაკუთრებული. მისი ნამუშევრების უმეტესობა მოიპარეს გასაყიდად და ზოგი კი კედლებიდან წაშალეს. მე დავიწყე ყველა ნამუშევრის ფოტოს შეგროვება. ის სუპერგმირს ჰგავს, ჩვენ ყველამ ვიცით ბეტმენისა და სუპერმენის შესახებ, თუმცა ვერ ვხედავთ მათ, ვინც ამ ორი გმირის შიგნით ცოცხლობს. და ბენქსი, ალბათ, იგივე ფენომენია ხალხისთვის. ის სამყაროს ისე საოცრად წარმოგვიდგენს, ისე ლამაზად, რომ მისი ხელოვნება ნამდვილად შეგიყვარდებათ“, ამბობს ჰაზიზ ვარდარი, ბენქსის მუზეუმის დამფუძნებელი.

მართლაც, ბენქსის ხელოვნებაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ლაპარაკობს ქუჩის ხელოვანზე, რომელიც ლეგენდის მიხედვით, 1974 წელს ბრისტოლში დაიბადა და დღემდე მიუწვდომელ თუ მისტიკურ არტისტად რჩება თანამედროვე ხელოვნებაში. მის ნამუშევრებში ხშირადაა წარმოდგენილი პოლიტიკური და სოციალური სატირა, ეკოლოგიური პრობლემები, ომის ტრაგედია და ამ ყველაფერთან ხალხის თანაარსებობა.

„ბენქსი არავის უნახავს, თუმცა მისი ხელოვნება მის მაგივრად საუბრობს, შესაბამისად, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს თავისეული ბენქსი, მისი ხელოვნება ძალიან მარტივი და ამავე დროს ძლიერია. ის აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს და ის, ვინც აქ მოდის, მისი ხელოვნების ნაწილი ხდება“, – ამბობს უილიამ მიდი, ბენქსის მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი.

მუზეუმის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს გამოფენა და ბენქსის მუზეუმი ახალ სიცოცხლეს აძლევს ბენქსის ქუჩის შემოქმედებას – იმ შემოქმედებას, რომლის დიდი ნაწილიც ამ ქუჩებიდან გაქრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend