მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრა ფერმერთა მასშტაბური პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრა ფერმერთა მასშტაბური პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის პარალელურად ფერმერები აპროტესტებენ ევრობლოკსა და სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკს, მერკოსურს შორის პოტენციური შეთანხმების საკითხს.

ვიდრე ევროპელი პოლიტიკოსები ბრიუსელში, მრგვალ მაგიდასთან, კონტინენტის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განსახილველად შეიკრიბებოდნენ, ბელგიის დედაქალაქის გზები ტრაქტორებით გადაკეტეს, პოლიციას კი კარტოფილი, კვერცხები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

მომიტინგეების ქმედებებს სამართალდამცველებმა წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი გაზით უპასუხეს.

„ყველა ევროპულ ქვეყანასთან ერთად, ჩვენ ვიბრძვით სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ვებრძვით მერკოსურის შეთანხმებას, ნახშირბადის გადასახადებს, უსამართლო კონკურენციას, რომელიც მერკოსურის ქმედებების შედეგად წარმოიქმნება. ამას გარდა, არსებობს სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის ბიუჯეტის შემცირების გეგმები, რაც გავლენას იქონიებს ჩვენს ფერმებზე. სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ“ – თქვა ერთ-ერთმა ფერმერმა საფრანგეთიდან.

მერკოსურის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, გათვალისწინებულია თითქმის ყველა სახის საქონელზე ტარიფების გაუქმება. პოტენციური შეთანხმების მომხრეთა მტკიცებით, ხელშეკრულება პეკინის საექსპორტო კონტროლსა და ვაშინგტონის სატარიფო პოლიტიკაზე ევროპის მკაფიო პასუხი იქნება. შეთანხმების კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირის სასოფლო სამეურნეო სექტორს.

არსებული ფორმით მერკოსურის ხელშეკრულების გაფორმების მოწინააღმდეგეებს შორის არიან იტალია და საფრანგეთი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ ახლა დოკუმენტის მიღება არ იქნება დროული. მისივე თქმით, იტალია არ ბლოკავს ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, არამედ სურს, მიიღოს გარანტიები, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგი სრულად იქნება დაცული მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

„ჩვენს ფერმერებს, რომლების პროტესტს გამოხატავენ მინდა ვუთხრა, პირველივე დღიდან საფრანგეთის მკაფიო პოზიციის შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ მერკოსურის შეთანხმების პირობები არ არის საკმარისი და რომ ეს შეთანხმება ვერ იქნება ხელმოწერილი.

ჩვენ ვერ შევურიგდებით იმას, რომ გავწიროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი მოქალაქეების კვებითი უსაფრთხოება იმ შეთანხმებების სანაცვლოდ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი… ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს ფერმერებს ავუკრძალეთ კონკრეტული ნივთიერებების გამოყენება და როდესაც ჩვენ მათ ვუთხარით, რომ აღარ შეუძლიათ წარმოებაში კონკრეტული ქიმიკატების გამოყენება, რადგან საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საკვების უსაფრთხოებას. მათ ეს ძალისხმევა გაიღეს. ხშირად ეს მათ ძვირი უჯდებოდათ, ამან მათ გაურთულა ცხოვრება. დღეს კი გვინდა, გავხსნათ ჩვენი ბაზარი ადამიანებისთვის, რომლებიც არ იცავენ ამ წესებს. ეს აბსურდია. ჩვენ გვინდა ამ ორმხრივი ზომების მიღება – იმის, რასაც „სარკისებრ დათქმებს“ ვუწოდებთ“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე.

სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ხუთ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თითქმის 25 წელია, გრძელდება. თუკი ამჟამად სადავო ხელშეკრულება იმგვარად შეიცვლება, რომ დააკმაყოფილებს ევრობლოკის წევრი 27-ვე ქვეყნის ინტერესებს, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 780 მილიონიანი ბაზარი – ეს კი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend