ბელგიელი ფიზიკოსი ფრენსის ჰალზენი ფიზიკის დარგში 2026 წლის პრემიის მფლობელი გახდა ნეიტრინოების დამჭერი ობსერვატორია IceCube-ის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის; ეს ობიექტი სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდის ყინულში, ერთი კუბური კილომეტრის მოცულობაზეა განთავსებული და სინათლის სენსორებითაა აღჭურვილი. დეტექტორი სამყაროში ყველაზე ძნელად აღმოსაჩენი ნაწილაკების გამოსავლენად შეიქმნა.
მათ შეიძლება ვუწოდოთ იშვიათი ნაწილაკები სამყაროს შორეული კუთხეებიდან. ეს ნაწილაკები ისე აღწევენ დედამიწამდე, რომ არ იცვლიან მიმართულებას და არ კარგავენ ენერგიას, რომლის საშუალებითაც ისინი უნიკალურ ინფორმაციას გადმოსცემენ.
აკადემიის განცხადებით, მისმა ნაშრომმა გზა გაუკვალა ასტრონომიის ახალ მიმართულებას.
ჰალზენი, რომელიც 82 წლისაა, უისკონსინ -მადისონის უნივერსტეტში ასწავლის, იდეა პირველად 1988 წელს წარადგინა. დეტექტორის შექმნა 2011 წელს დასრულდა.
მისი თქმით, პრემიის მიღება მისთვის მოულოდნელი იყო. მეცნიერს იმედი აქვს, რომ ეს ჯილდო სათანადოდ წარმოაჩენს იმ გაბედულ ადამიანებს, რომლებიც მას ამ გზის დასაწყისში შეუერთდნენ.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გამარჯვების შანსი ნებისმიერ წელს დაახლოებით 20-დან ერთი მქონდა და უბრალოდ საკმარისად დიდხანს უნდა მეცოცხლა. და, აი, აქ ვარ. იცით, ჩვენ უნიკალური ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც კოსმოსური ნეიტრინოები დააფიქსირა. საოცარია, რომ შევძელით სამეცნიერო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ, რასაც ვაკეთებთ, რეალურია. ნეიტრინული ტელესკოპი ყინულისგან დამზადებული დიდი „თვალია“, რომელსაც შეუძლია სამყაროს არა სინათლის, არამედ ნეიტრინოების მეშვეობით დააკვირდეს. ამან დიდი მოლოდინი გააჩინა, რადგან ნეიტრინოებს შეუძლიათ ჩვენამდე მოაღწიონ ისეთი ადგილებიდან, საიდანაც სინათლე ვერ გამოდის. შესაბამისად, სამყაროში ახალი ადგილებისა და ობიექტების აღმოჩენის პერსპექტივა და შესაძლებლობა რეალურია; ჩვენ კი ამ გზას ახლახან დავადექით“. - აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრენსის ჰალზენი.
აშშ-ის მეცნიერების ეროვნული ფონდის მხარდაჭერით მოქმედ „IceCube“-ის ნეიტრინულ ობსერვატორიაში 14 ქვეყნის 400-ზე მეტი მეცნიერია ჩართული.
წლევანდელი საპრიზო თანხა დაახლოებით 1,2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ჯილდო შესაძლოა, ცალკეულ პირს, ლაურეატთა მცირე ჯგუფს ან ორგანიზაციას გადაეცეს.
