ჩეხეთში, „დუკოვანის” ატომურ ელექტროსადგურზე, ორი ახალი რეაქტორის აშენება იგეგმება, რათა ქვეყნის ბირთული ენერგიის სიმძლავრე გაიზარდოს. რეაქტორებს სამხრეთ-კორეული კომპანია ააშენებს და თითოეული მათგანის სიმძლავრე 1 000 მეგავატს გადააჭარბებს.
ბირთვული ენერგეტიკის გაფათოება, მათ შორის ორი დამატებითი რეაქტორით, მიზნად ქვეყნის ენერგოპოტენციალის გაორმაგებას და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. „დუკოვანის” პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის წილი ჩეხეთის ენერგეტიკაში ნახევარს გადააჭარბებს.
„რაღაციდან უნდა ვაწარმოოთ ელექტროენერგია, იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ჩეხეთში და მთელ ევროპაში, მისი შემცირების მცდელობების მიუხედავად გაიზრდება. საჭიროა წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მაგალითად, ჩავანაცვლებთ გათბობის საშუალებებს. ვინც გათბობისთვის ქვანახშირს იყენებს, ელექტროენერგიის გამოყენებაზე გადავა. ვფიქრობ, ბირთვული ენერგია ჩეხეთის ენერგეტიკის 50%-დან 60%-მდე წილს უნდა შეადგენდეს 2050 წლისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს დაახლოებით 60% იქნება, შესაძლოა ოდნავ მეტიც და განახლებადი წყაროები შეავსებენ დანარჩენ ენერგეტიკულ რესურსებს“, – ამბობს პეტრ ზავოდსკი, „დუკოვანის” პროექტის აღმასრულებელი დირექტორი.
„თანამედროვე ენერგეტიკული კავშირის“ პროგრამის დირექტორი, მარტინ სედლაკი ამბობს, რომ ბირთვული ენერგია მომავალში ქვეყნის ენერგეტიკის „განუყოფელი“ ნაწილი იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი როლი აქვს განახლებად ენერგიებსაც.
„ბირთვული ენერგია ჩეხეთის ენერგეტიკული მიქსის განუყოფელი ნაწილია. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბირთვული რეაქტორებიდან, რომლებიც ამჟამად შენდება, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ მომდევნო ათწლეულის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი, თუკი ყველაფერი კარგად წარიმართება.
ჩეხეთი, სავარაუდოდ, 2030 წლის შემდეგ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩეხეთის ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალი სრულად იქნას გამოყენებული. ბოლო წლებში ჩვენ შევძელით, მზის ელექტროსადგურების განვითარება ხელახლა დაგვეწყო, თუმცა ქარის ელექტროსადგურების განვითარებაში კვლავ ჩამოვრჩებით”.- ამბობს მარტინ სედლაკი, „თანამედროვე ენერგეტიკული კავშირის“ პროგრამის დირექტორი.

