რუსეთი ამტკიცებს, რომ წარმატებით გამოცადა ახალი ატომური ძრავით აღჭურვილი და ბირთვული ქმედების მქონე წყალქვეშა დრონი, რომელიც ცნობილია როგორც „პოსეიდონი“.
პუტინი მას ახლა მოიხსენიებს იარაღად, „რომლის ჩაჭრაც შეუძლებელია“ და დასძენს, რომ იარაღს „განკითხვის დღის მანქანა“ შეარქვეს.
მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა, მან იარაღის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ბოლო დღეებია, რუსეთი უფრო და უფრო ამკაცრებს ბირთვულ რიტორიკას. სამი დღის წინ რუსეთმა ჩაატარა წვრთნები ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკით“, რომელსაც როგორც მოსკოვში ამტკიცებენ, თურმე ანალოგი არ აქვს და თურმე მთელი დედამიწის შემოფრენა შეუძლია.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც იზრდება ზეწოლა აშშ-ის მხრიდან, მოსკოვმა დაასრულოს ომი უკრაინაში. ხოლო ევროპის ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ აძლიერებენ თავდაცვის შესაძლებლობებს.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მოსკოვს შეახსენა, რომ შტატებს რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავები ჰყავს განლაგებული.
ახლა კი დონალდ ტრამპი ავალებს ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ამერიკული ბირთვული იარაღის გამოცდა.
„შეერთებულ შტატებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ამას მივაღწიეთ, მათ შორის არსებული იარაღის სრული განახლებით, რაც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მოხდა. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო მე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს! რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი – შორს მესამეზე, მაგრამ 5 წელიწადშიც მიაღწევს წარმატებას. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების ტესტირების გამო მე დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!” – წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მიუხედავად პოტენციალისა, გაურკვეველია, თუ რეალურად რა ოპერატიული შესაძლებლობები აქვს რუსეთის მიერ ბოლო დღეებში გამოცდილ ბირთვულ იარაღს. თუმცა ერთი რამ ცხადია, რუსეთი უფრო და უფრო ამწვავებს ბირთვულ რიტორიკას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პუტინი შესაძლოა ომის ესკალაციისთვის ემზადებოდეს.

