„ღაზაში ომი დასრულდა“ – ეს ისტორიული სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში წარმოთქვა.
2023 წლის 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცე პოზიციის მიუხედავად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმება შედგა.
შარმ-ელ შეიხში ღაზის სექტორის მართვისა და რეკონსტრუქციის გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად შეიკრებილი მსოფლიო ლიდერებისადმი სიტყვით მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ დროა იქ შეკრებილებმა წარსული წყენები დაივიწყონ.
„ჩვენი სამუშაო სწორედ აქ და ახლა იწყება. ანტიკური დროიდან მოყოლებული, ამ რეგიონში ცხოვრობდნენ სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. მგონი ასეთი რამ დედამიწის სხვა ნაწილში 3000 წლის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა დღეს, პირველად, ცხოვრებაში ერთხელ მოგვეცა შანსი, რომ ძველი შუღლი და სიძულვილი უკან დავტოვოთ. ამ ოთახში მყოფ ლიდერებს შორის ბევრი ვერ უგებდა ერთმანეთს, თუმცა ახლა უგებენ. ახლა ერთიანები ვართ. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისმა ხალხი, დაშორების ნაცვლად, გააერთიანა. წლების განმავლობაში ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, ღაზაში ომი დასრულდა. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღდგენილია, მათ შორის ასობით სატვირთო მანქანა საკვებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და სხვა მარაგებით, რომელთა დიდი ნაწილი ამ ოთახში მყოფმა ადამიანებმა დააფინანსეს. მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში ბრუნდება. მძევლები ოჯახებს უბრუნდებიან. ვაკვირდები და ძალიან ლამაზი სანახაობაა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის სურვილი ევროპელ ლიდერებსაც აქვთ, თუმცა ისრაელთან მათი ურთიერთობა შესაშური ნამდვილად ვერ არის.
ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, ტერორიზმის მხარდაჭერა იყო და კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნიდა.
უკანასკნელად, 2025 წლის 22 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, პალესტინის აღიარებას საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია და მალტაც შეუერთდნენ. მოგვიანებით კი, პალესტინის სახელმწიფო ფორმალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც აღიარა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების პირველი ფაზის მიღწევის შემდეგ, კირ სტარმერმა ისრაელისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში მიღებული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა, რაც მისი თქმით, ისრაელს „ჰამასის“ განიარაღების პროცესში დაეხმარება.
„ეს დღე ნამდვილად ისტორიულია, ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ და დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა ლიდერებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. თუმცა სწორად აღნიშნე, მთავარი გამოწვევა ხვალინდელი დღე და შეთანხმების პირობების შესრულებაა. ამრიგად, რა მოხდება ხვალ, ნამდვილად მნიშვნელოვანია. მთელი დღე ლიდერებთან იმაზე ვსაუბრობდი, თუ რა როლი შეგვიძლია ვითამაშოთ და ვფიქრობ, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის, ასევე, „ჰამასის“ განიარაღების პროცესში. ეს გამოცდილება ჩვენ ჩრდილოეთ ირლანდიაში გვაქვს. ამრიგად, კითხვა უკვე ისაა, თუ როგორ შესრულდება შეთანხმების პირობები და როგორ უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების წინსვლა? მნიშვნელოვანია, რომ ეს ფოკუსი შევინარჩუნოთ და შეცდომა არ დავუშვათ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღდგა, თუმცა როგორც ჩანს, არაბულ ქვეყნებს პროცესისადმი სრული ნდობა ჯერ კიდევ არ აქვთ და ამ აზრს საფრანგეთის პრეზიდენტიც იზიარებს. ემანუელ მაკრონის აზრით, დახმარების მიწოდების შეფერხების რისკების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნება, თუ „გაერო“ ღაზაში სამშვიდობო ძალების განლაგებაზე იმსჯელებს.
„არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და პროცესს დავაჩქარებთ. ასევე, ვითანამშრომლებთ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან, რათა უზრუნველვყოთ ამ ოპერაციების საერთაშორისო მონიტორინგი, რადგან არსებობს დიდი საფრთხე, რომ დახმარების მიწოდება შეაფერხონ. ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი უნდა იყოს რეალურ დროში და დაუყოვნებლივ. მეორე ნაბიჯი იქნება ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია და ამ მიმართულებითაც ფინანსებს მოვიძიებთ, რათა პროცესი სწრაფად დაიწყოს. დილით გეუბნებოდით, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენთვის უსაფრთხოებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო, ამაზე პრეზიდენტ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ვისაუბრე. ვიმუშავებთ რეზოლუციის მისაღებად, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვალაგოთ შესაბამისი ძალები ღაზის სექტორში“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, თუმცა საქმე კიდევ ბევრია და ეს ყველა ლიდერს ესმის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახლა მოუწევს „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზის დემილიტარიზაციაზე იზრუნოს. თუ პროცესი წარმატებით დასრულდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე თითქმის საუკონოვანი კონფლიქტი საბოლოოდ გადაიჭრება.

