მთავარიევროპაიტალიადნობის გამო, გეოლოგები ვეღარ ზომავენ ვენტინას მყინვარს

დნობის გამო, გეოლოგები ვეღარ ზომავენ ვენტინას მყინვარს

იტალიის ვენტინას მყინვარი, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ლომბარდიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესია, კლიმატის ცვლილების გამო ისეთი სისწრაფით დნება, რომ გეოლოგებს მისი გაზომვა ისე აღარ შეუძლიათ, როგორც ამას ბოლო 130 წლის განმავლობაში აკეთებდნენ.

წლევანდელი ცხელი ზაფხულის შემდეგ, გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ის ძელები, რომლებსაც ისინი ყოველწლიურად მყინვარის გასაზომად იყენებდნენ, ახლა ქვების ქვეშაშია  დამარხული.

„ლომბარდიის გლაციოლოგიის სამსახურმა მემკვიდრეობით მიიღო ვალმალენკოში ვენტინას მყინვარის გაზომვის საშუალება. წელს ვერ ვიპოვეთ 2022-2023 წლებში დამონტაჟებული საზომი წერტილი, რადგან მყინვარის ენის წინ მთელი ტერიტორია ჩამოინგრა. ეს აღარ გვაძლევს საშუალებას, მყინვარი ფრონატლურად გავზომოთ, როგორც ეს ყოველთვის კეთდებოდა ბოლო 130 წლის განმავლობაში. გავაგრძელებთ თუ არა მის გაზომვას? რა თქმა უნდა, რადგან ეს ლომბარდიის მნიშვნელოვანი მყინვარია, მაგრამ სხვა ტექნიკით, როგორიცაა დრონით გადაღებული სურათები ან დისტანციური ზონდირება“, -ამბობს ანდრეა ტოფალეტი, ლომბარდიის გლაციოლოგიის სამსახურის წევრი.

გეოლოგების თქმით, ვენტინას მყინვარის სიგრძე 1895 წლის შემდეგ, 1700 მეტრით შემცირდა. ბოლო წლებში დნობა დაჩქარდა, მყინვარმა ბოლო 10 წლის განმავლობაში 431 მეტრი დაკარგა.

„მთავარი პრობლემა ის შემცირებაა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა, როდესაც მყინვარმა ხაზოვანი თვალსაზრისით 400 მეტრზე მეტი დაკარგა, რაც დაახლოებით ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ოთხი საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტურია. ამან მყინვარის გვერდების დესტაბილიზაცია გამოიწვია. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მყინვარმა 200 ხაზოვანი მეტრი დაკარგა“,-ამბობს ანდრეა ტოფალეტი, ლომბარდიის გლაციოლოგიის სამსახურის წევრი

იტალიის მყინვარები, რომლებიც ალპებსა და დოლომიტებში ჩრდილოეთით და აპენინების გასწვრივ გვხვდება, უკვე წლებია დნება, ზამთარში არასაკმარისი თოვლისა და რეკორდულად ცხელი ზაფხულების გამო.

“თუ ჩვენ არ მივიღებთ ზომებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად, რაც პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან, მივიღებთ იმ შედეგს, რომ საუკუნის ბოლოსთვის ლომბარდიასა და ზოგადად ალპებში მყინვარების მოცულობის 90% გაქრება”, -ამბობს ანდრეა ტოფალეტი, ლომბარდიის გლაციოლოგიის სამსახურის წევრი

ლომბარდიის სამსახურის ცნობით, ალპები კლიმატურ ცხელ წერტილს წარმოადგენს, სადაც ინდუსტრიალიზაციამდელი პერიოდიდან ტემპერატურის მატება ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, რაც ალპური მყინვარების მოცულობის 64%-ზე მეტის დაკარგვას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend