პრაღის წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარში ახალი ორგანის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. 700-წლიანი ისტორიის მქონე პრაღის უდიდეს ტაძარში ამ ინსტრუმენტის თანხლებით რელიგიური მსახურებები და ღონისძიებები გაიმართება.
ინსტრუმენტი ესპანეთში, ბარსელონის მახლობლად, ელ-პაპიოლში, გერჰარდ გრენციგის სახელოსნოში შექმნეს. გერჰარდ გრენციგს 140-ზე მეტი ორგანი აქვს დამზადებული, 90-ზე მეტი ისტორიული ინსტრუმენტი კი, აღდგენილი.
„ინსტრუმენტი შედგება დაახლოებით ექვსი ათასი მილისგან, რომლებიც გერჰარდ გრენცინგის ორგანის სახელოსნოში დამზადდა. შემდეგ ეს მილები აქ ჩამოჰქონდათ და ამონტაჟებდნენ. ინსტრუმენტის საბოლოო ტონალობა მისი დამონტაჟების შემდეგ უნდა აეწყოს, ტაძრის გარემოს გათვალისწინებით“, – განაცხადა პრაღის არქიეპარქიის ორგანისტმა სტეფან სვობოდამ.
პრაღის წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი, რომელიც პრაღის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს, ჩეხეთის სახელმწიფოებრიობასთან არის გადაჯაჭვული. ეს არის ადგილი, სადაც ჩეხ მეფეებს აკურთხებდნენ და კრძალავდნენ, აქ ინახება სამეფო ძვირფასეულობაც.
წინა ორგანი, რომელიც აქ იყო დამონტაჟებული, 1930-იანი წლებში იყო შექმნილი, თუმცა ის ამ მონუმენტური სივრცისთვის ძალიან პატარა აღმოჩნდა, თანაც ხშირად ფუჭდებოდა.
მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტური მმართველობის დროს კი, ორგანის შეკეთების ინტერესი არავის ჰქონდა.

ახალი ორგანის აწყობის იდეა 2017 წელს დაიბადა. შემოწირულებებით შეგროვდა ორგანისთვის საჭირო თანხის 98 პროცენტი, ანუ 5 მილიონ დოლარზე მეტი. ორგანის აწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. თუმცა დამატებითი სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი ორგანი ტაძარში წმინდა ვიტუსის დღეს, მომავალი წლის 15 ივნისს აჟღერდება.