იტალიის ისტორიული ქალაქი ვენეცია ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისა და კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისა და ტელეჟურნალისტის, ლორენ სანჩესის გრანდიოზული ქორწილი მიმდინარეობს. ქორწილში დაახლოებით 200 სტუმარია დაპატიჟებული, მათ შორის არიან მსოფლიო ვარსკვლავებიც: მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ოპრა უინფრი, კეტი პერი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები. ვენეციაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ქორწილს ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებით დახვდა, აქციაზე კლიმატის აქტივისტებს სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნესების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისმოდა შეძახილი – „ბეზოსის ადგილი აქ არ არის“, ადგილობრივებმა ვენეციის მერი ქალაქის მილიარდერისთვის მიყიდვაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, იახტებისა და კერძო თვითმფრინავების ჭარბმა შესვლამ ქალაქში გარემო დააზიანა. ასევე კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა თქვა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ჩაკეტილმა ხიდებმა ბიზნესების საქმიანობა შეაფერხა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს ქორწილი სიმდიდრის დემონსტრირებაა, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში უთანასწორობა იზრდება და ეს არის უპატივცემულობა ადგილობრივების მიმართ. ისინი ასევე ამბობენ, როგორც ამით ჩანს, ტურიზმი დგას ადგილობრივების ყოველდღიურ საჭიროებებზე მაღლა.
„ვენეცია არ არის მხოლოდ ლამაზი სურათი ან ლამაზი საფოსტო ბარათი, რომელიც ელიტის ან მრავალი ტურისტის საჭიროებებსა და სურვილებს დააკმაყოფილებს. ეს არის ცოცხალი ქალაქი, რომელიც შედგება იმ ხალხისგან, ვისაც ნამდვილად სურს აქ ცხოვრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უჭირთ საცხოვრებლის ქირის გადახდა და იმ შემთხვევაშიც კი, როცა რთულია ღირსეული სამსახურის შოვნა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყურადღების გამახვილება ამ მოვლენაზე და ჭორებიდან თუ ტაბლოიდებიდან ყურადღების იმ ადამიანებზე გადატანა, ვისაც ვენეციაში ნამდვილად სურს სტაბილური ცხოვრება“, – ამბობს სტელა ფეი, ვენეციის უნივერსიტეტის მკვლევარი, აქტივისტი.
„გვეუბნებიან, რომ ჯეფ ბეზოსს ფულს მოაქვს, მაგრამ ჩვენ მისი ფული არ გვჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება ქველმოქმედებად შენიღბული სიმდიდრე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ჯიბეს ამდიდრებს. რაც გვჭირდება, არის სამართლიანი ეკონომიკური სისტემა — დაბეგვრა, რომელიც რეალურ შემოსავალზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს იმას, რაც საზოგადოებას მართლა აკლია. ჩვენი პლანეტიდან ამოღებული უსასრულო სიმდიდრე, მდიდართა ჯიბეებში რჩება და მსოფლიოს გასაკონტროლებლად გამოიყენება“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე სარა.
ვენეციის ტურიზმის საბჭო კი აცხადებს, რომ შემოსავლის თვალსაზრისით, ასეთი მასშტაბური ღონისძიებების გამართვა ისტორიული ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.
„უჩვეულო აქ არაფერია, ვენეციაში ეს ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომლებსაც ჩვენი ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს. ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, ვენეციას აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომ კიდევ უფრო ცნობადი გახდეს მსოფლიოში. ეს არის ქალაქი, რომელიც მიჩვეულია ასეთ წვეულებებს, სადაც დაცულია უსაფრთხოება. ასევე ეს არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადგილობრივების ცხოვრებაზე, არაფერი იზღუდება მსგავსი ტიპის ღონისძიებებით. და მას ქალაქისთვის, მცირე თუ დიდი ბიზნესებისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს. ჩვენ ბევრი სასტუმრო, რესტორანი და იახტები გვაქვს, ასევე გვყავს ფლორისტები და ტექნიკოსები, რომლებიც ამ ტიპის ღონისძიებებზე მუშაობენ, ბევრი ადგილობრივია ჩართული ამ წვეულებაში და მას არ აქვს რაიმე სახის ნეგატიური გავლენა ქალაქზე. ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმშია და ქალაქისთვის ამ ტიპის ღონისძიების გამართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს საიმონ ვენტურინი, ვენეციის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელი.
გასული დღეების განმავლობაში ვენეციაში სხვადასხვა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერებიც. ქორწილი სამდღიანია და შაბათის, 28 ივნისის, ჩათვლით გაგრძელდება.