60 წელზე მეტია, ევროპა აბორტზე ლეგალური ხელმისაწვდომობის გლობალურ ტენდენციას უდგას სათავში. თუმცა ამ ტენდენციის შეცვლის საფრთხის გამო დაიწყო კამპანია „ჩემი არჩევანი – ჩემი ხმა“ – ეს არის მოქალაქეთა ინიციატივა, რომელიც ევროკომისიას მოქმედებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო და კანონიერ აბორტზე.
აბორტის უფლების დაცვის ამ ინიციატივამ, სახელწოდებით „ჩემი არჩევანი – ჩემი ხმა,“ გასული წლის დეკემებრში მილიონი ხელმოწერა მოაგროვა. ამიოტმ ახლა ევროკომისია ვალდებულია, უპასუხოს ამ ინიციატივას, რომელიც მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო და კანონიერ აბორტზე. ევროკავშირში თითქმის ყველა ქვეყანაშია დაშვებული აბორტი საკუთარი სურვილით ორსულობის 12 კვირამდე ვადაში. მხოლოდ პოლონეთსა და მალტაში მოქმედებს ძალიან დიდი შეზღუდვები. პოლონეთში ლეგალურად აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობს დროს. მაგრამ მალტაში აბორტი მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაშია დასაშვები.
ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებშიც ნებაყოფლობითი აბორტი კანონიერია, ექიმები უარს ზნეობრივი პრინციპების გამო ამბობენ. ჩვენ ევროპელებს ვკითხეთ აზრი, უნდა გადავიდეს თუ არა აბორტის რეგულირება ცალკეული სახელმწიფოს კომპეტენციიდან ევროკავშირის კომპეტენციაში.
„ასეთი ფუნდამენტური საკითხებისთვის უნდა არსებობდეს ევროკავშირის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ჩარჩო,“ – ამბობს ერთი ახალაგაზრდა კაცი ბუდაპეშტიდან. თუმცა რომის ერთი მოქალაქე თვლის, რომ „შეუძლებელია ჯანდაცვისა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სტანდარტების დამყარება მთელ ევროკავშირში.“
ევრონიუსი
„ევროკომისრების კოლეგია განიხილავს ამ საკითხს ერთ-ერთ შეხვედრაზე და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს კი შეიძლება იყოს საკანონმდებლო წინადადება, კავშირზე გასვლა ან უბრალოდ პეტიციის აღიარება, რომ უფრო შორს აღარ წავიდეს ეს ამბავი,“ – ამბობს მარტა ირაოლა ირიბარენი, რომელიც ამ საკითხს აშუქებს „ევრონიუსისთვის.“ „თუ ამ წინადადების საფუძველზე ისინი რამე საკანონმდებლო ინიციატივას წარადგნენ, ის შევა ევროპულ საბჭოში და მერე ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ. თუმცა, ისიც მართალია, რომ ევროკომისიას შეუძლია აბორტის საკითხის მოგვარება ჯანდაცვის დირექტივით, რომელსაც საზღვრები არ აბრკოლებს. ეს არის დირექტივა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურება ევროკავშირის ფარგლებში ნებისმიერ ქვეყანაში მიიღონ.“
უნდა ჩაითვალოს თუ არა აბორტი ფუნდამენტურ უფლებად?
2022 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააუქმეს კანონი, რომლის მიხედვითაც, აბორტის ლეგალიზება ფედერალურ დონეზე 50 წლის წინ გადაწყდა და სანაცვლოდ თავად შტატებს მისცეს ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება. ამი შემდეგ, გასული წლის აპრილში ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომ აბროტის უფლება ჩაიდოს ევროკავშირის ადამიანის ფუდნამენტურ უფლებათა ქარტიაში, რათა ის კანონის საფუძველზე იყოს სავალდებულო ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში. თუ ასე მოხდა, ამას მიესალმება ლუსი ბარიდესი, „აბორტის უფლების პლატფორმის“ წარმომადგენელი
„აბორტის ხელმისაწვდომობა, აქტივისტებისა და ექსპერტების აზრით, უნდა ჩაითვალოს ფუნდამენტურ უფლებად, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აბორტზე წვდომა ქალებს მათი ფუნდამენტური უფლებების გამოყენების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისა, უფლებისა, რომ არ იყოს ძალადობის, დისკრიმინაციის, არაადამიანური ან შეურაცხმყოფელი მოპყრობის მსხვერპლი და ა.შ. მართლაც, ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც აბორტი, ფაქტობრივად, აკრძალულია, ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან,“ – განუცხადა მან „ევრონიუსს“.
თუმცა მისგან განსხვავებული აზრი აქვს პატრისია სანტოსს სან-პაბლოს უნივერსიტეტიდან:
„ არ არსებობს უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის უვნებელი აბორტი. აბორტი არ კურნავს არცერთ დაავადებას. ამიტომ მინდა გავხსნა დისკუსია საკითხზე, თუ რატომ ითვლება გამოსავლად აქტი, რომელიც გულისხმობს ძალადობას საკუთარი ვაჟის ან გოგონას მიმართ და რომელიც დედის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეს ძალიან სახიფათო ზომაა და მისი წახალისება ხდება, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ტიპის სოციალური მექანიზმები მოიძებნოს, რომლებიც გაცილებით კონსტრუქციული და უსაფრთხოა დედისთვის.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ქალებს არ უნდა შეხვდეთ დამატებითი ბარიერი აბორტის მოთხოვნის დროს, თუკი ეს მოთხოვნა არ არღვევს კანონით დადგენილ ვადებს. მაგრამ ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში – მათ შორის გერმანიასა და პორტუგალიაში – კანონი ქალებისგან ითხოვს, რომ რამდენიმე დღე დაფიქრდნენ, სანამ განცხადებას შეიტანენ. შვიდ ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთსა და იტალიაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ქალებს ჩაუტაროს კონსულტაცია, რომლის დროსაც ცდილობენ ქალის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას. სხვა ქვეყნებში ექიმები უარს ამბობენ აბორტზე სინდისის ქენჯნის გამო, რის შედეგადაც ქალები აბორტს ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იკეთებენ ან სხვა ქვეყნებში მიდიან. ამ ყველაფრის საპირისპიროდ, საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს აბორტის უფლება კონსტიტუციაში ჩაწერა.
თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის პორტფელი ჰაჯა ლაბიბს აბარია. მან ევროპარლამენტში მისვლისთანავე თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აბორტი თანაბრად რომ არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა მან ისიც აღიარა, რომ ძალიან რთული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება ყველა ქვეყანაში.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა