საქართველო 9-16 თებერვალს ზამთრის სპორტული შეჯიბრების ეპიცენტრია. ქვეყანა მასპინძლობს 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენია ჩამოსული და ისინი ერთმანეთს 8 დისციპლინაში ეჯიბრებიან.
საქართველოს დელეგაციას 8 სპორტსმენი ჰყავს. ისინი სპორტის 3 სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში, სამთო თხილამურობასა და ბიათლონში იასპარეზებენ. სპორტსმენთა ასაკი ამ შეჯიბრებაზე 14-დან 18 წლამდე იქნება.
შეჯიბრი საზეიმოდ გაიხსნა 9 თებერვალს, ხოლო 10 თებერვლის დილიდან უკვე უშუალოდ შეჯიბრება დაიწყო და გარკვეულ დისციპლინებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
ბაკურიანი 2025-ის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულებულია. 11 თებერვალს გიგანტურ სლალომში საქართველოს სახელით ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო გამოდიოდნენ. მათ კარგად იასპარეზეს, თუმცა საუკეთესო დრო ვერ აჩვენეს, ამიტომ ორივე სპორტსმენი გამოეთიშა შეჯიბრებას. გიგანტური სლალომის გამარჯვებული, შვეიცარიელი სპორტსმენი, ლარა ბიანკი გახდა.
12 თებერვალს ბაკურიანში ქართველი სპორტსმენები არ გამოდიან, თუმცა ბათუმში ფიგურულ სრიალში ინგა გურგენიძის გამოსვლას ვიხილავთ. 12 თებერვლის დილიდან გაიმართება თხილამურებით ფრისტაილის სრიალი და ასევე შეჯიბრი სნოუბორდში.
ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს ბაკურიანში ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც 16 თებერვალს დასრულდება.