„როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე“ – ამ საკითხზე მსჯელობისა და მიზნის მისაღწევად საჭირო სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაჯერებლად „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ორგანიზებით პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს და განიხილეს ის გზები, რომლებმაც ქვეყანა ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრ სხვადასხვა ვერსიაზე. ვისაუბრეთ როგორც სამართლებრივ გზებზე, ისე პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოსატან საკითხებზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათანობით პოლიტიკური ცხოვრება ისევ გაცოცხლდება და სამოქალაქო მოძრაობას, სამოქალაქო პროტესტს, პოლიტიკური კონტექსტიც დაემატება, რადგან საბოლოო ჯამში, როცა ახალ არჩევნებს ითხოვ, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა დაიწყონ პასუხისმგებლობის აღება. მე ვფიქრობ, რომ ეს პაუზა სწორი იყო, თუმცა თუ პაუზა ძალიან გაიწელა, ცოტა გაუგებარი ხდება, არჩევნები რომც დაინიშნოს, შემდეგ რა იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი დისკუსიის მაგიდაზე შემოვიდეს და იმედი მაქვს, დღევანდელმა შეხვედრამაც ამას ერთგვარი ბიძგი მისცა“, – განაცხადა „სამოქალაქო იდეის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თინა ხიდაშელმა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დარღვევები იყო და როგორ შეიძლება მოხდეს ამ დარღვევების პრევენცია. ეს ეხება, როგორც საკანონმდებლო საკითხებს, ისე ინსტიტუციურ მოწყობას და იმ სტრუქტურების დამოუკიდებლობას, რომლებსაც აქვთ როლი არჩევნების ჩატარებაში. მათ შორის, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ძალოვან უწყებებს“, – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაა და ამისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა მიიღონ.