მთავარისაქართველოსააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები ასაჩივრებდნენ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას.

„ბათუმელებთან” საუბარში მზია ამაღლობელის ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ ჩაბარებიათ სასამართლოს დასაბუთება.

„ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

მზია ამაღლობელს „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

21 იანვარს მზია ამაღლობელი საქართველოს სახალხო დამცველმა საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. ვიზიტის შემდეგ ლევან იოსელიანმა გამოთქვა იმედი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

11 იანვრის შემდეგ, ყოველ დღე, თბილისსა თუ ბათუმში მზია ამაღლობელის კოლეგები თუ მხარდამჭერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ მიაჩნიათ, რომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საპროტესტო აქციებზე ასევე ითხოვენ, უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ირაკლი დგებუაძემ დაკავებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და ცდილობდა ფიზიკურად გასწორებოდა.

მედიის წარმომადგენლები 21 იანვარსაც შეიკრიბნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან და თქვეს, რომ ქვეყანაში უკვე დიქტატურაა. ისინი მზია ამაღლობელის დაკავებას ადარებენ რუსეთსა და ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend