მსოფლიო ყურადღება შვეიცარიისკენაა მიმართული, რომლის საკურორტო ქალაქი დავოსი ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმსა და საერთაშორისო ლიდერებს მასპინძლობს. 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 3 000 წარმომადგენელი ერთ სივრცეში 3 დღის განმავლობაში პლანეტის მთავარი პოლიტიკური, ფინანსური, სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევების განსახილველად და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე სასაუბროდ შეიკრიბა. ყოველწლიური ფორუმი ერთი ძირითადი თემის გარშემო ერთიანდება და გამონაკლისი არც 2025 წლის ღონისძიებაა. მზარდი კიბერსაფრთხეებისა და საინფორმაციო ომის ფონზე, წლევანდელი ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას – „როგორ მოექცეს მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს?“
თუმცა, დღის წესრიგი მსოფლიოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებსაც მოიცავს. მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, რომელიც სახელმწიფოთა მხრიდან კონკრეტული, ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ამ თემის განხილვა პოლიტიკურ ლიდერებსა თუ სხვა მნიშვნელოვან აქტორებს იმ ფონზე მოუწევთ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა. ეკოლოგიური პოლიტიკის განმტკიცების მნიშვნელობაზე სასაუბროდ მსოფლიო ლიდერებიდან ერთ-ერთმა პირველმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის პლატფორმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოიყენა. ამავე თემაზე პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელა კლიმატის საკითხებში გაეროს წარმომადგენელმა საიმონ სტილმა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. „მწვანე ტრანსფორმაციის“ იდეის ერთგულებაზე საუბრობს ჩინეთიც.
„პარიზის შეთანხმება რჩება საუკეთესო შესაძლებლობად მთელი კაცობრიობისთვის. რა თქმა უნდა, ევროპა დარჩება და გააგრძელებს მუშაობას, რომ დაიცვას ბუნება და შეაჩეროს გლობალური დათბობა. მსგავსი საკითხების გადაჭრისას ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ჩვენ ვეჯიბრებით დროს. სერიოზული კონკურენციის პირობებშიც კი ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. გვსურს მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს უახლოეს პარტნიორებსაც ეხებათ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. მსოფლიოში სხვა არც ერთი ეკონომიკა არაა ისე ინტეგრირებული როგორც ჩვენი. ევროპული კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში სამ-ნახევარ მილიონზე მეტ ამერიკელს ასაქმებენ. კიდევ ერთი მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირაა დამოკიდებული ევროპასთან ვაჭრობასთან. ჩვენ შორის ვაჭრობის მოცულობა ტრილიონ-ნახევარ ევროზე მეტია, რაც მსოფლიო ვაჭრობის 30%-ია. ამიტომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ადრეულ ეტაპზე მაქსიმალური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენ ვიქნებით ჩვენი ინტერესების ერთგულნი, დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს, რადგან ეს არის ევროპული გზა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე ჩინეთისთვის ეს გრძელვადიანი პოლიტიკაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო ვითარება, ჩინეთის გადაწყვეტილებები, აქტიურად უპასუხოს კლიმატის გამოწვევებს – უცვლელია. ჩვენი პოლიტიკა მოიცავს ატმოსფეროში ნახშირბადის გამოყოფისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და ასევე მწვანე ზონის ზრდას. ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, გავაგრძელებთ მწვანე ტრანსფორმაციას და მივყვებით კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით როგორც გაეროს კონვენციის, ისე პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნებსა და პრინციპებს, რათა მეტი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში“, – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა.
„მწვანე მომავლის“ თემაზე მსჯელობის პარალელურად, ეკოაქტივისტები სახელმწიფო მეთაურებისგან განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანი პირებისთვის დამატებითი გადასახადების დაკისრებას მოითხოვდნენ. ტარიფების დაწესების ინიციატივაზე რამდენიმე საათით ადრე ინაუგურაციის ცერემონიაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა, თუმცა უცხოეთის სახელმწიფოებისთვის. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტიც მიიღებს, ვიდეოხიდის მეშვეობით. პოლიტიკურ ლიდერებს შორის დავოსში უკვე იმყოფებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ეკონომიკური ფორუმის მთავარ ფოკუსში წელს კვლავ, უკვე მესამედ მოხვდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საკითხი. განსახილველ თემებს შორის ასევე მოხვდება კიდევ ერთი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის კონფლიქტი და მისი დარეგულირების გრძელვადიანი პერსპექტივები.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არცერთი ევროპული ქვეყანა არაა ენერგიის მხოლოდ ერთ წყაროზე, განსაკუთრებით რუსეთზე. ახლა ყველაფერი ჩვენს მხარესაა. პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს, მეტი ენერგორესურსის ექსპორტს, მაგრამ ევროპამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გრძელვადიანი სამუშაო გასწიოს ნამდვილი ენერგოდამოუკიდებლობის დასაცავად. თქვენ ვერ განაგრძობთ ბუნებრივი აირის ყიდვას მოსკოვისგან, ამერიკელებისგან უსაფრთხოებისა და დახმარების მოლოდინის პარალელურად. ეს შეცდომაა. მაგალითისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკულ გაზთან წვდომის საშუალებას არ იძლევა, თუმცა იმედს არ კარგავს, მოექცეს ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
გეოპოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან შვეიცარიაში სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩავლენ. წელს პირველად ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი ოფიციალური პირი თბილისიდან.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შვეიცარია 1971 წლიდან მასპინძლობს, გამონაკლისი 2002 წლის გარდა, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების პატივსაცემად ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა. ფორუმის პლატფორმა არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ქვეყნებს შორის პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზაზე. მაგალითად, 1988 წელს დავოსში დადებული ხელშეკრულებით საბერძნეთმა და თურქეთმა თავიდან აიცილეს სამხედრო დაპირისპირება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2025 წლის მონაწილეებიც იმედოვნებენ, რომ პლატფორმა ახლაც იქნება ხელშემწყობი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის გზაზე.