ინტერნეტში გავრცელდა ათეულობით დემონსტრანტის კომენტარი, რომლებიც ე.წ. ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებაზე ჰყვებიან. მათი ნაწილი სასუნთქი გზების, პირის ღრუს, ნაწილი კი კანისა და სხვა უფრო მძიმე პრობლემების შესახებ წერს.
„მე და ჩემი მეგობრები ყოველდღე მოვდივართ, ვდგავართ რუსთაველზე და ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ყველაზე მძიმე დღეები ჩემთვის იყო 29 ნოემბერი და 2 დეკემბერი, როდესაც დაიწყეს დარბევა, ჩვენ ვცდილობდით ტერიტორიიდან გაღწევას. ჩემ გვერდით იყო გოგონა, რომელიც შეუძლოდ გახდა, ჰქონდა ალერგიული რეაქცია. ამბობდა, რომ ზურგჩანთაში ჰქონდა მედიკამენტი, მაგრამ იმდენად მჭიდროდ ვიყავით ერთმანეთთან, ვერ ვახერხებდი გამეხსნა მისი ზურგჩანთა და ამომეღო წამალი, ამიტომ მომიწია მომეხსნა ჩემი აირწინაღი და მეთხოვა შველა, რომ დამხმარებოდნენ. ზუსტად ამ მომენტში დავარდა გაზის კაფსულა ჩვენთან ახლოს და მე აღმოვჩნდი აბსოლუტურად დაუცველი და შევისუნთქე დიდი რაოდენობით მომწამვლელი აირი“, – იხსენებს ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში საპროტესტო აქციის მონაწილე ნათია თოხაძე.
ცოტა ხნის წინ სპეციალისტებმა ქიმიური ზემოქმედებისაგან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესწავლა დაიწყეს. დემონსტრანტების ნაწილი კი, პარალელურად, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელის მომზადებას გეგმავს.
„მას შემდეგ, რაც ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს, შევამჩნიე, რომ დამეწყო სისუსტე, სუნთქვის გახშირება და დამეწყო ხველა. ეს არ იყო ერთჯერადი, იყო 5-წუთიანი სპაზმური ხველა, რომელიც არ ჩერდებოდა და მთავრდებოდა ან პირღებინებით ან გულის წასვლით. მივმართე ექიმს, რომელმაც მითხრა, ვერაფერს ვერ გიშველი, იმიტომ რომ არ ვიცი, რა გჭირს. სავარაუდოდ, გაქვს ფილტვების ქიმიური დამწვრობა და განვითარებულია ბრონქიტიო. დამინიშნა ინჰალაცია და მკურნალობის ორკვირიანი კურსი, რომელიც გავიარე, მაგრამ დღესაც ნებისმიერ დროს შეიძლება ხველა დამეწყოს და სუნთქვის გახშირება. რამდენიმე დღის წინ ხველასთან ერთად გულზე მქონდა პრობლემები, ისევ გული წამივიდა“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ვახო რუხაია.
„დამიდასტურდა საშუალო სიმძიმის ტრაქეის დაზიანება, ლორწოვანი გარსის ანთება, ასევე მქონდა სახის კანზე ჭინჭრის ციების მსგავსი სიმპტომები. დავიწყე მკურნალობა, ვიყენებ ინჰალატორს, ვერ ვიძინებ, მიჭირს სუნთქვა, ვუჩივი თავის ტკივილებს, მიჭირს ყლაპვა, მაქვს წვის შეგრძნება კვებისა და სითხის მიღებისას. იმის მიუხედავად, რომ მკურნალობას, თავიდან თითქოს, ჰქონდა შედეგი, ისევ გამირთულდა, კიდევ ერთხელ მივმართე კლინიკას და აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვალიც გაღიზიანებულია და დაზიანებულია თირკმელი, ფილტვები.. ძალიან მნიშვნელოვანია გავუზიაროთ ერთმანეთს ეს ინფორმაცია, შევაგროვოთ მასალები, რადგან აქ მოხდა დანაშაული და აუცილებელია ამის გამოძიება.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან ძნელია ყოველდღე აქ მოსვლა. ახლაც მედიკამენტები მიდევს ჩანთაში და მუდმივად მიწევს მათი გამოყენება, მაგრამ ჩვენ თუ დღეს ამას შევეგუებით, ჩვენ ყველა დამნაშავე ვიქნებით, რომ არაფერი გავაკეთეთ ამის შესაჩერებლად და დანაშაულის გამოსაძიებლად”, – ამბობს ნათია თოხაძე და ე.წ. ცრემლსადენი გაზით დაზარალებულებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ექიმების ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია იმ ქიმიური ნივთიერებების ზუსტი დასახელება, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს.