მთავარისაქართველომზია ამაღლობელი შიმშილობს - მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

მზია ამაღლობელი შიმშილობს – მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

მზია ამაღლობელი შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაცია მის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილით გახდა ცნობილი. საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტი  11 იანვრიდან, მისი დაკავების შემდეგ, არ იღებს საკვებს.

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ის მოქალაქე, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – წერს მზია ამაღლობელი.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის უფლებებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკანონოა, როგორც ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდება, ისე პატიმრობის გამოყენება.

„353-ე მუხლი აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომლებიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად, თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით, თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომლებიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე მუხლის კვალიფიკაციას“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც იურისტები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადების დარღვევაა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელი დაეტოვებინა პატიმრობაში, ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საჩივარი სასამართლოს 72 საათის ვადაში უნდა განეხილა.

„72 საათის ვადაში წყდება მსგავსი საკითხები. 72 საათი გავიდა 18 იანვარს. ამ დროიდან მზია ამაღლობელი შეგვიძლია მივიჩნიოთ სრულიად უკანონო პატიმრობაში მყოფ პირად“.

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით დილიდან განახლდა მედიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. ჟურნალისტები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი პროტესტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გაგრძელდა. მედიის წარმომადგენლები ითხოვდნენ: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  თუკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსთვის აპირებენ მიმართვას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend