პარლამენტის კვლევითი ცენტრი, სადაც 20-მდე პირი იყო დასაქმებული, გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები არიან იმ საჯარო მოხელეებს შორის, რომლებმაც ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება გააპროტესტეს და მიიჩნევენ, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.
ცენტრის თანამშრომელთა ნაწილმა საქართველოს პარლამენტთან გააკეთა განცხადება და აღნიშნეს, რომ ცენტრის გაუქმება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. მათივე თქმით, „ქართული ოცნების” პოლიტიკას ცენტრის 5 თანამშრომელი აკრიტიკებდა. რა პოზიცია აქვთ უწყების იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან არ იმყოფებოდნენ, უცნობია.
ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ პროტესტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ათასობით თანამშრომელმა გამოთქვა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილება, რაც ამარტივებს დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლებასა და რეორგანიზაციის ჩატარებას. კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ არაერთი უწყებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს, ან ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.