უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე პოზიციებს კვლავ ამაგრებენ. მაშინაც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ოფიციალურად დაბრუნდა თეთრ სახლში. სანამ ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციისთვის ემზადებოდა, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-14 „ჩერვონა კალინას“ ბრიგადის სამხედროები პოკროვსკის ფლანგზე იბრძვიან. უკრაინის მცველებს იმედი აქვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და ამით რუსეთის იერიშებს შეაჩერებენ.
„ახალი პრეზიდენტის არჩევას ყოველთვის თან ახლავს ცვლილებები. ეს ყველგან ხდება, განსაკუთრებით კი ისეთ გავლენიან სახელმწიფოში, როგორიც შტატებია. აუცილებლად ყველა ვარიანტში იქნება ცვლილებები, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა იქნება. რა თქმა უნდა, გვირჩევია, რომ ჩვენს სასიკეთოდ იყოს ცვლილება“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც ჯარისკაცები „ისტორიკოსს“ ეძახიან. მისი თანამებრძოლი კი იმედოვნებს, რომ აშშ კიევის მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს, რადგან მტრის იერიშების მოსაგერიებლად უკრაინის მცველებს იარაღი კვლავ სჭირდებათ.
დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დადო პირობა, რომ ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებდა. ინაუგურაციამდე პერიოდში კი შეცვალა ვადები და განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება 6 თვეში იქნება შესაძლებელი. თუმცა კიტ კელოგმა, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ტრამპის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა 100 დღეშია შესაძლებელი.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა: „მე უნდა ვესაუბრო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ მოგვიწევს, გავერკვეთ. ის ვერ იქნება აღფრთოვანებული, ის არც ისე კარგად იქცევა. ბევრმა იფიქრა, რომ ომი დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ მესამე წელია, გრძელდება. ასე რომ პუტინი ვერ იქნება კმაყოფილი. შეუძლებელია, ამის გამო ის კარგად გრძნობდეს თავს. ზელენსკის უნდა შეთანხმება, არ ვიცი, იგივე უნდა თუ არა პუტინს. შეიძლება, არც უნდა… უნდა დასთანხმდეს შეთანხმებას. ვფიქრობ, შეთანხმებაზე უარით ის რუსეთს ანადგურებს“.
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმაც. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან იმისთვის, რომ მშვიდობას მიაღწიოს ქვეყანამ.
The inauguration of the new President of the United States, Donald Trump @POTUS. He is a man of strength. I wish President Trump and all of America success.
Ukrainians are ready to work together with Americans to achieve peace—a true peace. This is a chance that must be seized. pic.twitter.com/YMk1qvUR5U
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 20, 2025
ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა: „რაც შეეხება ვითარების დარეგულირებას, მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი უნდა იყოს არა დროებითი ზავი, ან ძალების გადაჯგუფებისა და გადაიარაღებისთვის დროის გამოყენება, რაც თავისთავად კონფლიქტის გაგრძელებას ნიშნავს, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა. ის დაფუძნებული უნდა იყოს ყველას, იმ მოქალაქეების კანონიერ ინტერესებზე, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ რუსეთის ინტერესებისთვის“.
უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ რა პირობებით და როდის გაიმართება მოლაპარაკებები ომში მონაწილე მხარეებს შორის. თუმცა ამჟამად მოსკოვი და კიევი ცდილობენ, ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობის მოპოვებით საკუთარი პოზიციები გააძლიერონ.

