რუსეთის სამხრეთ კრასნოდარის სანაპიროზე დაღვრილი ნავთობის გამო ანაპაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, სანაპიროზე მუშაობს საგანგებო სამსახურების 267 თანამშრომელი და 50 ერთეული სპეცტექნიკა.
კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებით, შავ ზღვაში ტანკერების ჩაძირვის გამო დიდი რაოდენობით ჩაიღვარა ნავთობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები სანაპირო ზოლის გასუფთავებას ამ დრომდე ცდილობენ.
15 დეკემბერს შავ ზღვაში ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა კატასტროფა განიცადა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან ტანკერების დაზიანება ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია.
„ამ ყველაფერს გავუმკლავდებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება. ეს ხომ ნავთობპროდუქტია. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს არც კურორტს და არც ზაფხულის სეზონს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა.
გასულ კვირას ევროკავშირმა გამოსცა ახალი სანქციები რუსეთისა და მისი ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, რუსეთს ძველი ტანკერებით გადააქვს ნავთობი და ცდილობს, დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გვერდი აუაროს.
ევროკავშირმა და საზღვაო მრეწველობამ ადრე უკვე გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ნავთობის გადასატანად რუსეთი ძველ გემებს იყენებდა. მათი აზრით, ეს გემები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ეკოლოგიასა და უსაფრთხოებას.