15 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ბრძოლა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, ევროკავშირისა და შვეიცარიის ურთიერთობები და 2024 წლის ევროპული სემესტრი – ეს იყო განხილვის მთავარი თემები სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა ხელმძღვანელობდა.
სხვა საკითხებთან ერთად ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებაც იმსჯელეს. გერმანიის დელეგაციამ მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი.
საქართველოს შესახებ გააკეთეს განცხადებები ევროპის საკითხებში ბლოკის წევრი ქვეყნების მინისტრებმაც.
„ჩვენ დიდი სიფხიზლით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. იცით, რომ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ამ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ ევროკავშირი არის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება: კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური ნორმების პატივისცემით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობითა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემით… ჩვენ პატივს ვცემთ უმცირესობათა და ლგბტ თემის უფლებებს. ამ მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობა გვაწუხებს. ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის სახელმწიფოები, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს არჩევნების დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. ასე რომ, თუ საქართველოს სურს გააგრძელოს ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ამ მისწრაფებას, ეს ფუნდამენტური ღირებულებები დაცული უნდა იყოს“, – ამბობს ბენჟამინ ჰადადი, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი.
„ევროკავშირში გაწევრებაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ გზაზე დაბრკოლებებს ქმნის. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა ეს ოცნება რეალობად იქცეს. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტოს თავისი სამომავლო მიმართულება“, – განაცხადა ანა ლიურმანმა, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სხდომის განმავლობაში მინისტრები 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტისთვის ემზადებოდნენ.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოახლოებულ სამიტზე ევროკავშირი აპირებს, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები. მათივე ცნობით, ამ სამიტისთვის მომზადებულ დასკვნის პროექტში წერია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს.
გარდა ამისა, 17 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 47-ე სესიაზე საქართველოს შესახებ გადაუდებელი დებატებია ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება დეკლარაციის მიღებაც, სადაც საუბარია დემოკრატიული უკუსვლის შესახებ და ხაზგასმულია საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობა.