მთავარისაქართველოემიგრანტებისთვის საკონსულო აღრიცხვის ვადა იწურება

ემიგრანტებისთვის საკონსულო აღრიცხვის ვადა იწურება

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადა 7 ოქტომბერია. 8 ოქტომბრიდან პროცესი შეწყდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს.

„სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და ეს მნიშვნელოვანწილად იმასაც უკავშირდება, რომ ამ მიმართულებით შესაფერისი საინფორმაციო კამპანია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია. როგორც ორგანიზაციის იურისტი ამბობს, ამან ყველაზე მეტად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები დააზიანა და ბევრი მათგანი საარჩევნო სიებს მიღმაც დატოვა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის ამომრჩევლები, რომლებსაც წარსულში დევნილის სტატუსი ჰქონდათ და იმის გამო რომ საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ეს სტატუსი გაუქმებული აქვთ. მათ არ იცოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ თუ დევნილის სტატუსი გაუუქმდებათ, შესაბამისად, რეგისტრაციის მისამართიც საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუქმებული ექნებოდათ და რეგისტრაციის ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩებოდათ. სიებს გარეთ ძალიან ბევრი დევნილი დარჩა. შესაბამისად, ძალიან ბევრი დევნილი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი სათანადოდ ინფორმირებულები არ იყვნენ“, – ამბობს გიორგი მონიავა, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი.

სპეციალისტების აზრით, პრობლემაა ისიც, რომ საარჩევნო უბნები, სადაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ, მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებში გაიხსნა.

„ამომრჩევლებს, ფაქტობრივად, უბანზე მისვლისა და ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ. რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ამომრჩევლები ათასობით კილომეტრით არიან დაშორებული უახლოესი საკონსულოდან და გარდა საარჩევნო უფლებისა, საკონსულო სერვისებსაც ვერ იღებენ. ეს ადამიანები არჩევნებზე ვერ მიდიან და ხმას ვერ აძლევენ, რადგან დიდი მანძილის დაფარვა დიდ სირთულეებსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით მილიონი ემიგრანტიდან 26 სექტემბრისთვის დაახლოებით 55 000 იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. არ ვიცით ისიც, მათგან რამდენი მოახერხებს რეალურად მისვლას არჩევნებზე და ხმის მიცემას“, – აღნიშნავს გიორგი მონიავა.

26 ოქტომბერს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველ არჩევნებს ჩაატარებს. 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით მიიღო. მათგან ერთ-ერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გააქტიურებას „სამართლიანი არჩევნები“ ქვეყანაში არსებულ განსაკუთრებულ გარემოებებს, მათ შორის ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას უკავშირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend