მთავარიაზიაისრაელიისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ,,ჰეზბოლას“ ორი მაღალი რანგის მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ,,ჰეზბოლას“ ორი მაღალი რანგის მეთაური

ისრაელსა და ლიბანის სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე დაპირისპირება მძიმდება.

ორდღიანი დაბომბვის კამპანიის შემდეგ, რომელსაც 560-ზე მეტი ლიბანელი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანს ქვეყნის სამხრეთის რეგიონში თავშესაფრის ძიება აიძულა, ისრაელმა „ჰეზბოლას“ ორი უმაღლესი მეთაური მოკლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მათ მთელი ლიბანის ტერიტორიის მასშტაბით 1600 სამხედრო ზონა დაბომბეს. სამხედრო სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანია, რომ ლიბანში ოპერაციები რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დასრულდეს, თუმცა ამავდროულად არის მზადყოფნა ხანგრძლივი დაპირისპირებისთვისაც.

ამ ყველაფრის ფონზე „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილმა ასობით ბომბმა მცირე ზიანი გამოიწვია. ასევე ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მათ თელ-ავივის მიმართულებით გასროლილი რაკეტა გაანეიტრალეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმები დაგმეს ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის საგარეო მინისტრებმა. მათი თქმით, დაპირისპირება მთელ რეგიონს საყოველთაო ომში ჩართვისკენ უბიძგებს. სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლასადმი“ მხარდაჭერა გამოხატა ირანის უზენაესმა ლიდერმაც, აიათოლა ალი ხამენეიმ.

,,ღმერთის წყალობით საბოლოო გამარჯვება ამ ბრძოლაში „ჰეზბოლას“ ეკუთვნის. ისრაელმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე ძვირფასი წევრი შეიწირა, მაგრამ ეს არ იყო ის დარტყმა, რომელიც „ჰეზბოლას“ დააჩოქებს. „ჰეზბოლას“ ორგანიზაციული და ადამიანური რესურსი ამისთვის ზედმეტად მძლავრია“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ლიბანელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოთქვა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ ესკალაცია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მიუღებელია.

„დამწუხრებული ვარ ლიბანიდან მომდინარე ამბებით, სადაც ბოლო დღეებში ინტენსიურმა დაბომბვამ ამდენი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველა ღონეს მოიხმარს ამ საშინელი ესკალაციის შესაჩერებლად. ეს მიუღებელია. გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ლიბანელი ხალხის მიმართ, რომელმაც ახლო წარსულში უკვე ძალიან ბევრი გადაიტანა. ვილოცოთ ყველასთვის, ყველა ხალხისთვის, ვინც იტანჯება ომის გამო. არ დავივიწყოთ უკრაინის, მიანმარის, პალესტინის, სუდანის ხალხი. ვილოცოთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

ისრაელმა „ჰამასის” წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში სამკვირიანი მძიმე საჰაერო შეტევით დაიწყო, რასაც სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია მოჰყვა. თითქმის ერთი წლის შემდეგ „ჰამასი“ კვლავ განაგრძობს ბრძოლას.

რაც შეეხება „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას, ისრაელის მიზნები შედარებით შეზღუდულია, რაც არა ლიბანის სამხედრო დაჯგუფების განიარაღებას ან სრული დამარცხებას, არამედ მის უკან დახევასა და თავდასხმის შეწყვეტას გულისხმობს.

თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამ მიზნის მიღწევაც კი, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend