მარია პონომარენკო მის წინააღმდეგ წაყენებულ ყალბ ბრალდებებს აპროტესტებს.
ციხის ადმინისტრაციის მიერ სასტიკი მოპყრობის გამო რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის სასჯელს, შიმშილობა დაიწყო.
ჟურნალისტის დამსაქმებლის, „რუსნიუსის“ ინფორმაციით, მარია პონომარენკო ერთადგილიან საკანში მოათავსეს სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მან ციხის ადმინისტრაცია მის მიმართ ყალბი ბრალდებების წაყენებაში დაადანაშაულა.
ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას მაქსიმალურად ახშობენ კრემლიც და რუსეთის სახელმწიფო მედიაც. იმ ჟურნალისტებს კი, რომლებიც რეალურ სურათს გადმოსცემენ, მკაცრი სასჯელი ემუქრებათ.
2022 წლის მარტში უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის ციმბირის სასამართლომ პონომარენკოს შარშან ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინციდენტის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.
ტელეგრამარხზე „რუსნიუსმა“ განაცხადა, რომ პონომარენკომ გააპროტესტა საჩივრები, რომლებიც მისი სამარტოო საკანში გადაყვანის გასამართლებლად გამოიყენეს.
„მარიამ სხდომის დაწყებამდე შეიტყო, რომ მას შვიდი ყალბი ბრალდება წაუყენეს, რისთვისაც იგი ერთადგილიან საკანში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან არაფერი იცოდა“, – წერს „რუსნიუსი“. მისივე თქმით, საჩივარში არსებული ხელმოწერების ნახევარი გაყალბებულია.
გამოცემის შეფასებით, პონომარენკო ისეთი გაღიზიანებული იყო, რომ ხელები უკანკალებდა. მარია პონომარენკო ამბობს, რომ იგი იქამდე გააგრძელებს შიმშილობას, სანამ პროკურორი მის შემდეგ სასამართლო სხდომას არ დაესწრება.