მთავარიევროპაუკრაინამოსახლეობის ევაკუაცია და უკუგდებული რუსული დანაყოფები - უკრაინის სახმელეთო ოპერაციის მესამე დღე

მოსახლეობის ევაკუაცია და უკუგდებული რუსული დანაყოფები – უკრაინის სახმელეთო ოპერაციის მესამე დღე

თითქმის 48 საათია, საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კურსკის ოლქში უკრაინის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ამერიკელი ექსპერტები ადასტურებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. მათივე ვერსიით, უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის თავდაცვის, სულ მცირე, ორი ხაზისა და ერთი საყრდენი პუნქტის გარღვევა. რუსეთის მთავრობამ დაადასტურა ქალაქ სუჯაზე კონტროლის დაკარგვა, სადაც გავრცელებული ცნობით, უკრაინელებმა ლოჯისტიკური ჰაბის მოწყობა დაიწყეს.

დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლი სუჯაში, კურსკის რეგიონი, 6 აგვისტო, 2024 წელი. ფოტო განთავსდა კურსკის გუბერნატორის „ტელეგრამზე”.

მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის გამო კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილება „რთული ოპერატიული ვითარებისა“ და „მტრის ძალების ლიკვიდაციის“ მიზეზითაა მიღებული. მიმდინარეობს ევაკუაცია კურსკის ოლქის სხვა ქალაქებიდანაც, მათ შორის ლგოვიდან, რომლის აღების შემთხვევაში გზა იხსნება ქალაქ კურჩატოვზე.

უკრაინელების მიერ მეორე დღეა, დაკავებულია ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენი, საიდანაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება. კრემლის პროპაგანდისტული მაუწყებლები ამ ფაქტს მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებში გაზზე ფასების ზრდის თვალსაზრისით უყურებენ.

კურსკის ოლქში არსებულმა ვითარებამ ვლადიმირ პუტინს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოაწვევინა, სადაც გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელთა დანაკარგის შესახებ აცნობა. გენერლის მტკიცებით, რუსულმა ჯარმა მოახერხა მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერება და, სულ მცირე, 100 სამხედროს ლიკვიდაცია, ასევე 54 ერთეული სამხედრო ტექნიკის განადგურება. ეს ინფორმაცია რუსული წყაროების გარდა ჯერჯერობით არსად არ დასტურდება.

რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს თითქმის მესამე დღეა, ოფიციალურად არ ეხმაურება უკრაინის ხელისუფლება, თუმცა მოვლენებს აქტიურად ეხმაურება მოსკოვი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის ოპერაციას „ტერორისტულს“ უწოდებს და მოითხოვს, მას „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“ მოჰყვეს.

„ამ მომენტიდან სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღიად ექსტერიტორიული ხასიათი. ეს უკვე აღარაა ჩვეულებრივი ოპერაცია ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დასაბრუნებლად და ნაცისტების დასასჯელად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავიპყროთ ჯერ კიდევ არსებული უკრაინაც. ოდესამდე, ხარკივამდე, დნიპრომდე, მიკოლაევამდე, კიევამდე და მის იქითაც. არ უნდა არსებობდეს არანაირი საზღვარი. ამის შესახებ ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ პირდაპირ მორიდებისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე. ჩვენ გავჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად ჩავთვლით“, – წერს საკუთარ „ტელეგრამ არხზე” რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

7 აგვისტოს მოსკოვმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიევის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა, თუმცა დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორზე დარტყმით მის ტერიტორიაზე. კურსკის ოლქში შეტევებს გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტიც. ვაშინგტონი უშვებს, ამერიკული იარაღით დაარტყან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის კიევს.

„ვნახე რუსეთის მთავრობის განცხადებები. ისინი საუბრობენ პროვოკაციაზე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ ახსენეთ 900 დღე. სინამდვილეში ეს ბევრად ადრე დაიწყო, 2014 წლიდან გრძელდება უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. თუ როგორ წარმართავს უკრაინა სამხედრო ოპერაციებს, ეს მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია. ჩვენი პოლიტიკა რუსეთს ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

ეს არაა უკრაინის კონტრშეტევის პირველი მცდელობა, მათ შორის არც კურსკის მიმართულებაზე. თვეების განმავლობაში კიევმა საზღვრისპირა ოლქის სტრატეგიული ობიექტები რაკეტებით რამდენჯერმე დაამუშავა. სახმელეთო ოპერაციის მთავარი სამიზნე აქამდე ბელგოროდის ოლქზე იყო მიმართული, თუმცა ექსპერტები საუბრობენ, რომ წინა კონტრშეტევებისგან ეს ოპერაცია, მასშტაბებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით, რადიკალურად განსხვავებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend