ახლო აღმოსავლეთში ომმა არ უნდა დაჩრდილოს უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია — ასეთია ვოლოდიმირ ზელენსკი-ს პოზიცია, და ამავე გზავნილით ის ამჯერად ჯორჯა მელონი-ს წინაშე წარსდგა.
რომში გამართულ შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდას, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებას.
ამ მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი მითითებები ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფებს მიეცემათ.
„სამწუხაროდ, რუსეთმა აღდგომის დღესასწაულზეც განაგრძო შტურმი ფრონტზე. ასევე გამუდმებით გრძელდება რუსული საჰაერო დარტყმები — ასობით „შაჰედის“ ტიპის დრონი თითქმის ყოველდღიურად და რაკეტები. სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ცაზე კვლავ „შაჰედებია“ და ქვეყანა კვლავ მასირებული იერიშების ქვეშაა. ამიტომ, ჩვენთვის საკვანძო პრიორიტეტია საჰაერო დაცვის სისტემის გაუმჯობესება.
განვიხილეთ ჩვენი საჭიროებები და ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, ამ ომის გამო, რუსეთზე გაგრძელდეს ზეწოლა, მათ შორის სანქციების გზით.
ასევე საჭიროა ასეთი რუსეთის ნორმალიზებისთვის ხელშეშლა და უკრაინის საკმარისი მხარდაჭერა. ამას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისთვის.
ჩვენ განვიხილეთ კიევისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული ფინანსური პაკეტის განბლოკვის აუცილებლობის საკითხი. ამ თემაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 28 თებერვალს დაწყებულმა საბრძოლო მოქმედებებმა კიევს მისცა შესაძლებლობა, უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების მხრივ, ოთხი წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია. სწორედ ამავე აღჭურვილობას ყიდულობს მოსკოვი ირანისგან და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გამოცდილება სარგებლის მომტანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებისთვის.
„ვთვლით, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ მორალური ვალი, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა, რადგან საუბარი არ არის მხოლოდ კიევის ღირსებაზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს ასევე ნიშნავს, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, დიპლომატიური ძალისხმევა საჭიროებს ევროპის პირდაპირ ჩართულობას და იტალია, რა თქმა უნდა, მზად არის, საკუთარი ძალისხმევა გასწიოს პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძებნად, რომლებიც დაიცავენ კიევის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფენ ევროატლანტიკური ალიანსის სიმტკიცეს, რადგან დაყოფილი დასავლეთი და ევროპა ნამდვილი საჩუქარია მოსკოვისთვის.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე დაგროვებული არაჩვეულებრივი გამოცდილება არის მტკიცებულება იმისა, როგორ შეძლო კიევმა, სულ რამდენიმე წელიწადში განევითარებინა თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც დამატებითი ღირებულებაა მისი მოკავშირეებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ქვეყნებისთვის“, — განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ჯორჯა მელონიმ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ იტალია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ერთად განაგრძობს მოსკოვზე ეკონომიკურ წნეხს, თუმცა ამ დაპირების მიღმა მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის არჩევნების შემდეგ ევრობლოკში უკრაინისადმი ფინანსური დახმარების საკითხზე პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა, შემაფერხებელი შესაძლოა რობერტ ფიცო-ს სლოვაკეთი იყოს. ამას გარდა, „დიდი შვიდეულის“ წევრია აშშ-ც, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კი გაუარესებულია.
