საქართველოში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ათ მაისს მოსახლეობას ვრცელი წერილით მიმართა. ეპისტოლურ ფორმატში პრემიერმა „ნაცების“ აქციად შეაფასა სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული საპროტესტო აქციები. თქვა რომ, ამ აქციებზე გასული ახალგაზრდების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და დემონსტრანტების რაოდენობა მაქსიმუმ 10 000 კაცია. მანვე დარწმუნებით ისაუბრა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს. ამავე კონტექსტში პრემიერმა მოსახლეობის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკას მხარს არ უჭერს, მისი ე.წ. IQ დაბალია.
„ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომლებიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობასა და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად მხარს უჭერენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით.
„ნაცი“ ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ.
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან.
ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაში რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.
როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი, არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის წერილში.
პრემიერის ამ ვრცელ წერილს მოკლე წერილით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს.
„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!” – წერს პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრის წერილს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი პარტიის წევრები პრემიერის გზავნილებზე ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე პროცესებს სწორად აფასებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ზუსტი ანალიზი შესაბამისი თანმიმდევრობით, ქრონოლოგიურად, თუ როგორ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელების ჭრილში მცდელობა, მოეტყუებინათ საზოგადოება, მისი კონკრეტული ნაწილი და ზემოქმედება მოეხდინათ ძირითადად ახალგაზრდებზე. გულწრფელობაში კარგად დარწმუნდნენ, ეს არ უნდა იყოს ცრუ და მოჩვენებითი და ეს არ უნდა იყოს იმ მიზნით გაკეთებული, რომ საზოგადოების დანარჩენ წევრებზე ზემოქმედება მოახდინონ საკუთარი გულწრფელობით, არამედ ინფორმაციის მიმართ უნდა იყვნენ ადეკვატურები. რა ინფორმაციასაც იღებენ, პირველ რიგში საკუთარ თვალებს უნდა დაუჯერონ და არა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული აქტორების რაღაც განცხადებებს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქვეყანას პრემიერი აღარ ჰყავს და ირაკლი კობახიძეს აზრი აღარ მოეკითხება.
„ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება. ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. შინაარსი არ გააჩნია, წეროს და იკითხოს რამდენიც უნდა. რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა. რა “ნაცი”? მე და ჩემი უამრავი მეგობარი რომ იქ ვდგავართ, ვინ არის იქ “ნაცი”? “ნაცი” კი არა, ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს და ევროპას რომ გვაშორებენ მაგას. მაგას ვაპროტესტებთ ყველანი და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს, ეგ არავის არ აინტერესებს იქ. ამ პროტესტს “ნაცებამდე” ვერ დაიყვანენ, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი პროტესტია, ვიდრე “ნაცმოძრაობა””, – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი.
პრემიერ-მინისტრს გამოქვეყნებულზე დამატებითი განმარტებები, ან კომენტარი არ გაუკეთებია.
ალეკო გვეტაძე