სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ის ადვოკატის ინფორმაციით, დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა“.
ბრალის წარდგენის შემდეგ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან კომენტარი გააკეთა უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. მისი თქმით, ეს ადვოკატის ბოლო განცხადებაა, რადგან საქმე სენსიტიურია და ხშირი განმარტებები დაცვის სტრატეგიას დააზიანებს.