მთავარისპორტი"დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედო" 1:0 დაამარცხა

“დინამო თბილისმა” ქუთაისის “ტორპედო” 1:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “დინამო თბილისმა” “ტორპედოს” 1:0 მოუგო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნა.

მატჩის ერთადერთი გოლი 16 წლის ვახტანგ სალიამ 33-ე წუთზე გაიტანა.

3 ტურის შემდეგ “დინამო თბილისს” 6 ქულა აქვს, “ტორპედოს” კი 3.

მატჩის შემდეგ “ევრონიუს ჯორჯია” გუნდების მთავარ მწვრთნელებს ესაუბრა.

„ სიმართლე გითხრათ ჩვენთვის ძალიან რთული კვირა იყო, ამას ფეხბურთელებიც გრძნობდნენ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ. იმედი მაქვს ამას კლუბის ხელმძღვანელობაც ითვალისწინებს, სამუშაოდ დრო გვჭირდება. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მინდა ეს თამაში „ტორპედოსაც“ მივულოცო, მათ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ვახტანგ სალია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება და იქ მას წარმატებას ვუსურვებთ, მშვიდად უნდა ვიყოთ და ვნახავთ ის როგორ განვითარდება. კონტრშეტევებზე თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ ბურთი უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ და შანსები ჩვენით შევქმნათ, უფრო ჭკვიანურად  და დომინანტურად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ დღეს გავაკეთეთ ის, რამაც გამარჯვება მოგვიტანა, განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში, როდესაც „ტორპედო“ შეტევაში ძალიან გააქტიურდა. ამ სეზონში უნდა გავარკვიოთ რა არის ჩვენი მაქსიმუმი. ეს ნიჭიერი, თუმცა გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. შესაძლოა გვქონდეს ისეთი მატჩები როგორიც თელავში იყო, გაგვიჭირდეს მსგავს გარემოში თამაში, მაგრამ ასევე შესაძლოა გამოგივიდეს ისეთი შეხვედრები როგორიც დღეს გვქონდა. ჩვენი გუნდის უმეტესობას 21-წლამდე ფეხბურთელები შეადგენენ, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, შემართებით ვიმუშაოთ, გავიზარდოთ და ვნახოთ რა იქნება მომავალში”, – ამბობს “დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო.

„ იმედგაცრუებულები ვართ შედეგით მაგრამ არა ჩვენი თამაშით. ასეთი შეხვედრის ბედს ძალიან პატარა დეტალები წყვეტს. ვფიქრობ რომ გოლის ეპიზოდში ბიორნ იონსენის წინააღმდეგ ჯარიმა იყო. რამდენიმე ეპიზოდში პენალტის დანიშვნა, ვიდეორეფერის საქმეში ჩართვა შეიძლებოდა. ასეთი ეპიზოდები მსაჯებისთვის ყოველთვის რთულია, ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღეს.  რამდენიმეჯერ მეკარესთან ერთი-ერთზეც გავედით თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ თამაშს ვაკონტროლებდით, უფრო მეტი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით, ბურთის ფლობა და კარში დარტყმებიც უკეთესი გვქონდა ვიდრე მეტოქეს, ერთი მცირე დეტალი დაგვაკლდა თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ამის გამო მათ ვერ გავაკრიტიკებ.  ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მომდევნო თამაშია, არ აქვს მნიშვნელობა წინა მატჩის შედეგს. ამ დაპირისპირებისგან პოზიტივის მიღებას შევეცდებით და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადებით”, – განაცხადა “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა.

ამავე დღეს “იბერიასა” და “სამტრედიას” შორის გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend