მთავარიაზიაისრაელიჰააგის სასამართლო პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმის განხილვას იწყებს

ჰააგის სასამართლო პალესტინელთა შესაძლო გენოციდის საქმის განხილვას იწყებს

გაეროს უმაღლეს სასამართლოს სამხრეთ აფრიკამ მიმართა. მომჩივნის წარდგენილ 84-გვერდიან განცხადებაში წერია, რომ ისრაელის ქმედებები გენოციდის ნიშნებს ატარებს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები 11 და 12 იანვარს ჰააგაში ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების სავარაუდო გენოციდის შესახებ საჩივარს მოისმენენ. ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეიტანა.

სამხრეთ აფრიკამ გაეროს უმაღლეს სასამართლოს, ისრაელის ქმედებების, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის ფარგლებში განხილვა სთხოვა. კონვენციის თანახმად, გენოციდში იგულისხმება ის ქმედებები, რომლებიც ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებას ისახავს მიზნად.

მომჩივნის მიერ წარდგენილ 84-გვერდიან განცხადებაში წერია, რომ ისრაელის ქმედებები სწორედ გენოციდური ხასიათისაა, რადგან იგი მიზნად ისახავს ღაზაში პალესტინელების ძირითადი ნაწილის განადგურებას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხარის იურისტების თქმით, ისრაელი ხოცავს უდანაშაულო მოსახლეობას, აყენებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და დღითიდღე აღრმავებს ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ შიმშილს.

ვუსიმუზი მადონსელა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი ნიდერლანდებში: ,,ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ისრაელის დისკრიმინაციულ კანონებსა და პოლიტიკას, რომლებიც პალესტინელ ხალხზე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლადაა შექმნილი. ათწლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევების დაუსჯელობამ ისრაელს გააბედვინა პალესტინაში უფრო მძიმე საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა. ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან გენოციდური ქმედებები 1948 წლიდან მოყოლებული პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გაგრძელებაა. ეს ყველაფერი ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში 25-წლიანი აპარტეიდის, 56-წლიანი ოკუპაციისა და 16-წლიანი ალყის ნაწილია“.

რონალდ ლამოლა, სამხრეთ აფრიკის იუსტიციის მინისტრი: ,,ისრაელს პალესტინის განადგურება 2023 წლის 7 ოქტომბერს არ დაუწყია. პალესტინელები ბოლო 76 წელია სისტემური ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან. ისრაელს აქვს კონტროლი ღაზის ცაზე, წყალზე, ხმელეთზე, ელექტროენერგიასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე.“

ისრაელი სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

მოსმენის დაწყებამდე ისრაელის მხარდამჭერები ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი ეილონ ლევი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკა ანტისემიტიზმის მხარეს იბრძვის და “ჰამასის” წინააღმდეგ ომის მიზანი არა პალესტინელი ხალხის, არამედ ტერორისტული დაჯგუფების განადგურებაა.

ხვალ, 12 იანვარს, ჰააგის სასამართლო ისრაელის პოზიციას მოისმენს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ წარდგენილ საჩივარს, იგი შეძლებს ისრაელს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერება მოსთხოვოს.

საქმის განხილვა, რომელიც დღეს დაიწყო, შესაძლოა რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend